სოფელ უდაბნოში შენდება მნიშვნელოვანი აგროკომპლექსი – ლევან დავითაშვილი
ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს შპს „უდაბნოსა“ და შპს „უდაბნო სოფელის“ საქმიანობის ხელშესაწყობი ღონისძიებები იყო.
„სოფელ უდაბნოში შენდება მნიშვნელოვანი აგროკომპლექსი, სადაც დამატებითი პირობები განისაზღვრა ინვესტორისთვის, მათთან შეთანხმებით მოხდა ახალი საინვესტიციო პირობების ჩამოყალიბება, რაც ითვალისწინებს გარდა მემცენარეობის განვითარებისა, მეცხოველეობის მიმართულების დამატებას, ახალი გადამამუშავებელი საწარმოების და შემნახველი მეურნეობების შექმნას,“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ბიზნეს რეესტრის თანახმად, აღნიშნული კომპანიები შედის “უდაბნო ჰოლდინგის” შემადგენლობაში, რომლის მფლობელიც თავის მხრივ ბიზნესმენი თემურ უგულავაა.