რა არის პოლარული ნათების გამომწვევი მიზეზი
ავრორა – ეს შთამბეჭდავი ნათებაა, დედამიწის დიდებული სანახაობა, რომლის ნახვაზეც ყველა ოცნებობს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ციალი, რომელიც ძირითადად არქტიკისა და ანტარქტიკის სიახლოვესაა, საუკუნეების განმავლობაში აოცებდა დედამიწის მაცხოვრებლებს და ასე გრძელდება ახლაც.
5 ნოემბერს კი მსოფლიოს სხვა და სხვა ადგილას მათ შორის საქართველოშიც გამოჩნდა. პოლარული ციალის ძირითადი ფერებია: ვარდისფერი, მწვანე, ლურჯი, იისფერი და ნარინჯისფერი.
მათი წარმოქმნის მიზეზი მზის დამუხტული ნაწილაკებია, რომლებიც მზეს შორდება და დაახლოებით სამი დღის შემდეგ აღწევს დედამიწის ატმოსფეროში. ნათების ფერს კი განსაზღვრავს ის, თუ რას და როგორ ეჯახება აღნიშნული ნაწილაკები. ჟანგბადთან შეჯახებისას წარმოიქმნება ყვითელი და მწვანე ფერი, აზოტთან კი – წითელი, ვარდისფერი და იშვიათად, ლურჯი. უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, ატომური აზოტი წარმოშობს ლურჯს ფერს, მოლეკულური აზოტი – მეწამულს. თავის როლს თამაშობს სიმაღლეც. მწვანე ციალი 240 კმ სიმაღლემდე წარმოიქმნება, წითელი – 240 კმ-ის ზემოთ; ლურჯი ფერი 100 კმ სიმაღლემდეა, იისფერი – 100 კმ-ის მაღლა.
უკანასკნელ პერიოდში პოლარული ნათება განსაკუთრებით გააქტიურდა და მისი დანახვა უკვე ისეთი ადგილებიდანაც შესაძლებელია, საიდანაც ადრე არ ჩანდა. ასტრონავტები აღნიშნავენ, რომ მომავალ წლებში ჩრდილოეთის ციალი კიდევ უფრო გააქტიურდება და მსურველებს მისი ნახვის კიდევ უფრო მეტი შანსი ექნებათ.
მზე განიცდის 11-წლიან ციკლებს, რომლის დროსაც მისი აქტივობა პროგნოზირებადი მახასიათებლებით იზრდება და მცირდება. ამჟამად ის 25-ე ციკლს გადის, რომელიც 2019 წლის დეკემბერში მზის მინიმალური აქტიურობით დაიწყო. ამჟამად კი მზის ციკლი მაქსიმალური აქტიურობის ეტაპს უახლოვდება, რომელიც ასტრონავტების პროგნოზით 2025 წლის ივლისში დადგება. ამ პერიოდში მზის მაქსიმალური გააქტიურებაა მოსალოდნელი. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება პოლარული ციალის გააქტიურებაც. მზის ციკლის პიკურ ეტაპზე გადასვლასთან ერთად ავრორა კიდევ უფრო ხშირი გახდება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ავრორას დანახვა სხვა პლანეტებზეც შესაძლებელია.
წყარო: amindi.ge
ფოტო: ბოდბის დედათა მონასტერი