ადგილობრივ ბაზარზე, ლაგოდეხში წარმოებული მინი კივის ძმარი გამოჩნდება
სულ მალე ბაზარზე მინი კივის ძმარი გამოჩნდება. წარმოება ლაგოდეხში, „ლოლაძეების ფერმამ“ უკვე დაიწყო, თუმცა პროცესის სირთულიდან გამომდინარე, მისი რეალიზაცია სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დაიწყება.
როგორც „ლოლაძეების ფერმის“ ფერმის თანადამფუძნებელი ლაშა ლოლაძე “ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, ეს არის ფერმენტირებულ ძმარი, რომელშიც კონკრეტული ხილის ვიტამინები მაქსიმალურად შენარჩუნებულია.
შეგახსენებთ, რომ „ლოლაძეების ფერმა“ ეს არის მამის და ორი შვილის ბიზნესი, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე ეგზოტიკური პროდუქტებით გამოჩნდნენ. კივანო, მინი კივი, პეპინო, ოკრა, ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რომელსაც კომპანია ლაგოდეხში აწარმოებდა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ერთწლიანი კულტურების წარმოება შეაჩერა.
„მინი კივის რეალიზაცია აღარ ხდება, მოყვანილი პროდუქტით ძმარს ვამზადებთ, ახლა გადავერთეთ ამ მიმართულებაზე. ვიტამინები რომ არ დაიკარგოს, ეს არის სხვადასხვა ხილის ფერმენტირებული ძმარი. ამას ალბათ ერთი წელი მაინც დასჭირდება და მერე ვიფიქრებთ, სად და როგორ მოხდება რეალიზაცია. ალბათ, საწყის ეტაპზე პირდაპირ გვექნება კონტაქტი მომხმარებლებთან, უფრო ონლაინ გაიყიდება. ვნახოთ, როგორ წავა საქმე.
ძმრის გამოყვანა საკმაოდ რთული პროცესია, როგორც ღვინოს, ამასაც სჭირდება გადაღება, დუღილის, დაძმარების პროცესი და ა.შ თავის ტექნოლოგია აქვს და ძალიან შრომატევადი საქმეა. ასევე, შემდეგ ხდება ამ ძმრის მეორადი ფერმენტაცია, აქ თბილისში პოპულარულია, კამბუჩას ეძახიან, რომელსაც ხილის არომატებს სწორედ ამ ფერმენტირებული ძმრიდან აძლევენ. სავარაუდოდ, მომავალ წელს გვექნება სარეალიზაციო. ეს ხურმითაც კეთდება და ამასაც ვტესტავთ, ჩვენს ეზოებში რაც გვიდგას, იმით დავამზადებთ“,- ამბობს ლაშა ლოლაძე.