ახალი ამბები

პირველად საქართველოში, სოფელ არაშენდაში, სორგოს მოსავალი მიიღეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში, ახალგაზრდა ფერმერმა, ლაშა არსენაშვილმა სორგოს მოსავალი მიიღო. ახალგაზრდას მარცვლოვანი კულტურა 20 ჰექტარ მიწის ფართობზე აქვს დათესილი და ერთი ჰექტარი მიწიდან 10 ტონის ოდენობის მოსავლის მიღებას გეგმავს.

სორგო მარცვლოვანთა ოჯახის მარცვლოვანი მცენარეა და 30-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. კულტურაში გხვდება: ტექნიკური სორგო, შაქროვანი სორგო, ცოცხის სორგო, სამარცვლე სორგო და სხვა. სორგოს მარცვლისაგან ამზადებენ ფქვილს, სახამებელს, ბურღულს, სპირტს. ნამჯას იყენებენ ქაღალდის, მუყაოს, და სხვა წარმოებაში, ამზადებენ ცოცხს, ზოგიერთი სახეობიდან_ ტყავის საღებავს. მარცვალი და მწვანე მასა ცხოველთა კარგი საკვებია.

სორგოს იყენებენ ბიოსაწვავის დასამზადებლადაც. სორგოს სამშობლოა ეკვატორული აფრიკა, გავრცელების მეორადი ცენტრები კი ინდოეთი და ჩინეთია. ევროპაში XV საუკუნეში შეიტანეს, ამერიკაში _XVII საუკუნეში. სორგოს უძველესი ჯიშები საქართველოში გავრცელებული იყო ჭადას, ჯიქურას, ცოცხის და სხვა სახელებით, რომელიც ძირითადად სამეგრელოში, სვანეთში და რაჭაში იყო გავრცელებული.

კომპანია ,,სორგო ჯორჯიას’’ დამფუძნებელი ლაშა არსენაშვილი აცხადებს, რომ სორგოს მოყვანა მარტივია და ის ადვილად ეგუება გარემო პირობებს. მისი განმარტებით, მოსავლის მოსაყვანად არ არის საჭირო მისი მორწყვა და რაიმე სახის პესტიციდები.

,, ბევრი კვლევის და ძებნის შემდეგ მივაკვლიე მცენარეს, რომელიც მოსაყვანად მარტივია და მას სორგო ქვია. ის არის სასარგებლო მცენარე. მე კახეთში იჯარით მაქვს აღებული 25 ჰექტარი მიწის ფართობი და მომყავდა ქერი, ხორბალი და სხვადასხვა კულტურები. ისეთ შედეგს, რაც მინდოდა, ვერ ვიღებდი, რადგან მოგეხსენებათ კახეთში წყლის პრობლემაა და იმ კულტურებს, რაც მომყავდა, წყალი სასიცოცხლოდ სჭირდებათ. ამიტომ მოვძებნე ისეთი მცენარე, რომელსაც საერთოდ არ სჭირდება წყალი სასიცოცხლოდ.

რა თქმა უნდა, წყლის პირობებში უკეთესი მოსავალი მოდის, მაგრამ ის ასევე უძლებს გვალვას, რადგან აფრიკული მცენარეა. ამიტომ გადავწყვიტე მეცადა მისი მოყვანა კახეთში. სათესლე მასალა სამხრეთ ამერიკიდან ჩამოვიტანეთ და თავდაპირველად დავთესე 20 ჰექტარზე.  მიღებულმა შედეგმა გაგვაოცა’’,– აცხადებს knews.ge-სთან საუბრისას ლაშა არსენაშვილი.

მისი განმარტებით, ვიდრე აღნიშნული მარცვლოვანი კულტურის მოყვანას დაიწყებდა, გამოიკვლია მისი მოყვანის პირობები, კვებითი ღირებულება და სასარგებლო თვისებები. ახალგაზრდა ასევე აცხადებს, რომ სორგო ამერიკასა და ევროპაში საკვებად გამოიყენება და მისგან როგორც სალათებს, ასევე მისი ფქვილიდან პურსაც ამზადებენ.

ორგანულ სორგოს აქვს ნეიტრალური გემო, რომელსაც ოდნავ დაჰკრავს თხილის ელფერი. მომზადებს შემდეგ მისი დამატება შეიძლება ბოსტნეულში, ხორცში, თევზში, სუპებსა და სალათებში. ის სხვადასხვა სასარგებლო ვიტამინებს შეიცავს, თუმცა შეიცავს გლუტენს. მისგან დამზადებული პროდუქტი ითვლება სასარგებლოდ ბავშვთა კვებისთვის.

სორგოს მოხმარება რეკომენდირებულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს, სხვადასხვა ნერვული, კანისა და ლორწოს აშლილობების დროს, მისი დამატება რაციონში მოხუცებულისთვის, ბავშვებისთვის, ორსული ქალებისთვის და მეძუძური დედებისთვის სასარგებლოა.

,,რაც შეეხება მის დადებით თვისებებს, ის ძალიან სასარგებლო მცენარეა. სორგო შეიძლება გამოვიყენოთ ადამიანის კვების რაციონში. მაგალითად ამერიკაში, ხშირად მოიხმარენ როგორც მარცვლეულს და სალათებს ამზადებენ. მისი ფქვილი არ შეიცავს გლუტენს და ძალიან კარგია იმ ადმიანების საკვებად, ვისაც შაქარი ან ალერგია აქვთ.

ამ დროისთვის 20 ჰექტარზე გაქვს დათესილი და 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ველოდებით. სხვა მარცვლეულის მოყვანის შემთხვევაში, 4 ტონა მოსავალზე მეტს ვერ ვიღებდით. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვეწინააღმდეგებით არც ქერის და ხორბლის დათესვას, მაგრამ სორგოც უნდა მოგვყვავდეს. რატომაც არა, როცა ამხელა შედეგს აძლევს ფერმერს.

სორგო როგორც მარცვალი, ამ ფორმით შეუძლიათ ფერმერებს გაყიდონ. ძალიან კარგია მეფრინელეობის და მეცხოველეობის კუთხით მისი კვებაში გამოყენება. ის ნოყიერია და  დიდი ენერგეტიკული ღირებულებები აქვს.

ჩვენ გვინდა ეს კულტურა დავნერგოთ საქართველოში. ის არის ძალიან მარტივი მოსავლელი, არ სჭირდება მორწყვა, ჰერბიციდი და აშ. მე, მაგალითად, ბიოპროდუქტი მოვიყვანე, არანაირი ჰერბიციდი არ შემიტანია. ყველას ვურჩევ  რომ ამით დაინტერესდნენ’’,- აცხადებს ახალგაზრდა.

რაც შეეხება მიღებული მოსავლის გაყიდვასა და სამომავლო გეგმებს, ახალგაზრდა განმარტავს, რომ მოსავლის გაყიდვის პრობლემა არ აქვს. ლაშა არსენაშვილი აცხადებს, რომ სამომავლოდ წარმოების გაზრდას და მეტი მოსავლის მიღებას გეგმავს.

,,რაც შეეხება გაყიდვებს, საქართველოში გვაქვს ქარხნები, რომლებიც ამუშავებენ მარცვლეულს და იღებენ ცხოველთა და ფრინველთა საკვებს. დიდი დაინტერესება არის ამ სფეროდან, ასევე დაინტერესებაა ალკოჰოლის მწარმოებლებიდან. ამბობენ, რომ 1 ტონა სორგოს მოსავლიდან გამოიხდება 450 ლიტრი სპირტი, რაც ძალიან კარგი შედეგია.

ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ საქართველოში შემოვიტანოთ ისეთი კულტურა, რომლის დახმარებითაც ჩვენც მივიღებთ სარგებელს და  ხალხიც,. ასევე_ ფერმერები, რომლებსაც შეეძლებათ მიიღონ მოსავალი მარტივად. წელს ბევრი ადამიანისგან მესმოდა, რომ მომავალ წელს ხორბალს არ მოიყვანო, ამბობდნენ. ძალიან ცუდია როცა ფერმერს არ უფასდება შრომა. სწორედ ამიტომ რომ არ მიატოვონ მიწის დამუშავება, სორგოს მოყვანა მნიშვნელოვანია. მინდა ხელი შევუწყო ყველას, ვისაც აინტერესებს ამ კულტურის მოყვანა და,  ჩემი ცოდნა გავუზიარო. ძლიერი ეკონომიკა კი ქვეყანას განავითარებს. ასევე სამომავლოდ მინდა წარმოების გაფართოება და მეტი მოსავლის მიღება. გაზაფხულისთვის მზად გვექნება სათესლე მასალა მსურველებისთვის. გვაქვს ასევე სოციალურ ქსელში გვერდი ,,სორგოს პლანტაცია“, სადაც მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ’’,- აცხადებს ახალგაზრდა.