მოსალოდნელია რეგულარის და დიზელის 10-15 თეთრით გაიაფება – იაკობიძე
საქართველოში საწვავზე ფასის კლება მომდევნო 2 კვირის ვადაში დაიწყება – ამის შესახებ „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება ადგილობრივ საბითუმო ბაზარზე უკვე ასახულია, ბენზინგასამართ სადგურებში მის ასახვას კი საშუალოდ 2-3-კვირიანი პერიოდი სჭირდება. ფასის ცვლილება სავარაუდოდ 10-15 თეთრი იქნება.
„ნავთობის ფასი დაეცა, შესაბამისად ნავთობპროდუქტების ფასების კლებაც შეინიშნება. ამან უკვე ასახვა ქართულ ბაზარზე პოვა, პირველ რიგში საბითუმო ბაზარზე მოხდა ფასები კლება 10-15 თეთრის ფარგლებში და ეს ტენდენცია თუ ასე გაგრძელდება ან შენარჩუნდება ამას მალე მომხმარებელი იგრძნობს და ფასების კლებას საცალო ქსელში ბენზინგასამართ სადგურებზეც უნდა ველოდოთ.
დაახლოებით 2-3 კვირის პერიოდი სჭირდება ცვლილებების ასახვას ქართულ ბაზარზე, საბითუმო ბაზარზე როგორც აღვნიშნე ეს კლება უკვე არის და ვფიქრობ, 2-3 კვირაში იგივე მასშტაბით ან ცოტა მეტითაც მოხდება ბენზინგასამართ სადგურებზე.
ვსაუბრობ ძირითად პროდუქტებზე – რეგულარზე, რომელიც ყველაზე გაყიდვადია და ასევე დიზელზე, ამაზე ფასი დაახლოებით 10-15 თეთრით შემცირდება “, – განაცხადა იაკობიძემ.