ახალი ამბები

ექთნები პრაქტიკოს და უმაღლეს კატეგორიებად დაიყოფიან – დაგეგმილი რეგულაციის დეტალები

საექთნო სფეროში არსებული კრიზისის ფონზე სახელმწიფო ახალ საკანონმდებლო ცვლილებას ამზადებს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტი მთავრობამ უკვე მოამზადა და ის პარლამენტშია შესული.

განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ჯანდაცვის სისტემის ფუნდამენტია. ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სექტორში კი ექთნების და მეანი-ექთნების საჭიროზე მკვეთრად ნაკლები რაოდენობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, გამოწვევაა ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობის პროფესიული რეგულირების მექანიზმების და ფორმალური უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობა, რაც მოქმედებს როგორც პროფესიის პრესტიჟზე, ასევე ექთნების და მეანი-ექთნების კვალიფიკაციაზე.
არ არის დადგენილი ექთნისა და მეანი-ექთნის პროფესიული საქმიანობის დაწყების პირობები და მიღებული კვალიფიკაციის შესაბამისი წოდებრივი რანჟირება.

კანონპროექტით მკვიდრდება ახალი, გენდერულად ნეიტრალური ტერმინი მეანი-ექთანი (ნაცვლად „ბებიაქალისა“).

ცვლილებების შედეგად ექთნებისა და მეანი-ექთნებისთვის გათვალისწინებულია დიპლომისშემდგომი პროფესიული მზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემების ამოქმედება.
ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ: უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება. პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება. საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი. შესაბამისი წოდებების მინიჭება ხორციელდება საბჭოს მიერ.
ინერგება ექთნის და მეანი-ექთნის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმი, რომლის განმახორციელებელია სამინისტრო და შესაბამისი საბჭო.

პროფესიულ პასუხისმგებლობის ზომად გათვალისწინებულია სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოქმედების შეჩერება არაუმეტეს 6 თვისა, ან გაუქმება.

ცვლილებების შედეგად საჭირო გახდება ჯანდაცვის სამინისტროსთვის 4 ახალი შტატის დამატება.
პროგნოზის თანახმად, ყოველწლიურად 1500 ექთანი და მეანი-ექთანი გაივლის სარეგისტრაციო და სასერტიფიკაციო გამოცდებს, რომელზედაც სარეგისტრაციო საფასურის ოდენობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 60 ლარით (ამჟამად, ექიმების სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურია არის 120 ლარი).
დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით. საქმიანობის ახალი ვადით გაგრძელებისთვის განისაზღვრება საექთნო და მეანი-ექთნის უწყვეტი განვითარების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება.

2025 წლის 1 იანვრიდან, ექთანს და მეან-ექთანს ეკრძალება დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე.აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

„კანონპროექტის საბოლოო მიზანია ექთნისა და მეან-ექთნის როლისა და სამუშაოს მოცულობის განსაზღვრა, მათი განათლებისა და წოდების პროპორციულად, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, დადებითად აისახება მათ შრომის ანაზღაურებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ექთნისა და მეანი-ექთნის შრომის ანაზღაურებას განსაზღვრავს უშუალოდ დამსაქმებელი, თუმცა არსებული რეგულაციების თანახმად (ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები), ანაზღაურება უნდა იყოს საათში არანაკლებ 4.40 ლარისა,“ – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის შემუშავებაში კერძო კლინიკებიც იყვნენ ჩართული.