„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი -2 წელში თელავის მერიამ საახალწლო სანათებისა და ნაძვის ხის შეძენისთვის, 600 ათას ლარამდე დახარჯა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის საკრებულოს წევრი, გიგი გიგიტელაშვილი აცხადებს, რომ თელავის მერიამ საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენისთვის, დაახლოებით, 600 ათას ლარამდე დახარჯა.
მისი თქმით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილი აქვს თანხის არაგონივრულად ხარჯვას, ან კიდევ კორუფციას. როგორც Knews.ge-ს გიგი გიგიტელაშვილმა განუცხადა, თელავის მერმა აღნიშნული ხარჯები უნდა შეკვეცოს.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მხოლოდ საახალწლო სანათების და ნაძვის ხის შეძენაში, დაახლოებით, 600 ათასი ლარი დახარჯა. აღსანიშნავია, რომ ამაში არ შედის საახალწლო ღონისძიებების ხარჯები. ეს კიდევ სხვა ხარჯებია. არ მიმაჩნია გონივრული იყოს, რომ თელავის მორთვა უფრო ძვირი ჯდებოდეს, ვიდრე ევროპის დედაქალაქების. ეს მიანიშნებს ერთ რამეზე, რომ ეს თანხები ან არაგონივრულად იხარჯება, ან ადგილი აქვს კორუფციას. თელავის მერიას ვურჩევდი, რომ შეკვეცოს ეს ხარჯები და მიხედოს იმ მძიმე ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომელიც ქალაქშია შექმნილი. არ შეიძლება ყიდულობდე ყოველ წელს სანათებს და ნაძვისხეებს. თან გაურკვეველია წინა წლებში ნაყიდი სანათები სად მიდის. შარშან თბილისის მერიის მიერ რომ მოხდა საკმაოდ დიდი თანხის გახარჯვა საახალწლო განათებებზე, სავარაუდოდ წელს სხვა ექნებათ. ხომ შეიძლება თბილისმა რომელიმე რეგიონს, მაგალითად ჩვენ გადმოგვცეს შარშანდელი განათებები? აშკარად ამ ტენდერებით ვიღაც სარგებლობს და ეს ყველაფერი აჩენს კითხვებს“,- განაცხადა გიგი გიგიტელაშვილმა.

