პირებს, რომლებმაც მიწის ნაკვეთი უკანონოდ დაირეგისტრირეს, მისი დათმობა ან სახელმწიფოსთვის ზიანის ანაზღაურება მოუწევთ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორ მუხლს – 180-ე (თაღლითობა) და 362-ე (ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება) ეხება.
როგორც მომხსენებელმა, მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ვახტანგ ბაჩიაშვილმა განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ პირებს 2023 წლის 1-ელ სექტემბრამდე, აღნიშნული მუხლებით ცალ-ცალკე ან ერთობლიობით ჩადენილი აქვთ დანაშაული, რომლის შედეგადაც მათ საკუთრებაში დაირეგისტრირეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, სახელმწიფო მათ სთავაზობს ამნისტიის გავრცელებას, მხოლოდ იმ პირობით, თუ ისინი სახელმწიფოსათვის მიყენებულ ზიანს სრულად აანაზღაურებენ.
„მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება ამნისტიის აქტი, აღნიშნულ პირებს, 2024 წლის პირველ სექტემბრამდე, შესაძლებლობა ექნება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ მიატოვონ, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი მათ საკუთრებაში არ არის ან სხვა ფორმით შეუძლებელია მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება ამ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება უნდა გადაიხადონ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ“, – აღნიშნა მთავრობის საპარლამენტო მდივანმა.
პროექტის თანახმად, თუ პროცესი მიმდინარეობს პროკურატურაში, გადაწყვეტილებას სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ მიიღებს პროკურორი, ხოლო პროცესი მიმდინარეობს სასამართლოში – გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე.
ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, ამნისტია არ გავრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც დანაშაული ჩადენილია საჯარო მოხელის ან საჯარო უფლებამოსილების განმახორციელებელი სხვა პირის მიერ, ასევე იმ შემთხვევაში, თუ მას ორგანიზებული ჯგუფი ახორციელებდა.
პროექტის თანახმად, ამნისტია გავრცელდება თანააღმსრულებლის, თანამონაწილის და ასევე, იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა, თუ იგი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. ამასთან, პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.