ევროკავშირმა ახალგაზრდებისთვის „რა? სად? როდის?“ თამაშების ერთწლიანი მარათონი კახეთიდან დაიწყო
კახეთის რეგიონში ჩატარდა პოპულარული თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, რომელშიც ერთდროულად 100-ზე მეტმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. თამაშის კითხვები მომზადებული იყო სპეციალურად ახალგაზრდებისათვის, რომ მათ, მხიარული და ინტერაქტიური გზით, ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღოთ.
თელავის თამაშებს დაესწრო საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი ნიკოლას სენდროვიჩი. მან ხაზი გაუსვა ამ სახის ინიციატივების მნიშვნელობას:
„ევროკავშირი მყარად უჭერს მხარს ახალგაზრდებსა და მათ განათლებას, ვინაიდან ახალგაზრდა თაობა ჩვენი მომავლის საყრდენია. ისეთი ინიციატივებით, როგორიცა არის თამაში „რა? სად? როდის?“ ევროპის შესახებ, ჩვენ ვცდილობთ, ერთმანეთს შევუთავსოთ განათლება და გართობა იმ სახით, რომ ახალგაზრდები ხალისიანი და ამავდროულად ინფორმირებულები იყვნენ. გვიხარია, რომ მომდევნო წლის მანძილზე, ჩვენ შევძლებთ გავაძლიეროთ მათი ცნობისმოყვარეობა და ცოდნის მიღება ახალგაზრდებისთვის სასიამოვნო და შინაარსობრივი ფორმით.“
„რა? სად? როდის?“ თამაშების სერიას უძღვებოდნენ თამაშის ავტორი და საქართველოს კლუბის წამყვანი გიორგი მოსიძე და კლუბის სხვა წევრები. წლის განმავლობაში თამაშები ჩატარდება არა მხოლოდ კახეთის რეგიონში, არამედ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისის თერთმეტ რაიონში და არასრულწლოვანთა კოლონიაში. თამაშში მონაწილეობის მიღება და ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია 8-12 კლასის მოსწავლეებისთვის.
2023 წლის ივნისში მარათონი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაიწყო, სადაც თამაშში ერთდროულად 100-ზე მეტი გუნდი ჩაერთო. ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მომზადებული ამ თამაში-ვიქტორინის მიზანია, ევროკავშირის შესახებ ცოდნისა და ინფორმაციის მიღება უფრო სახალისო და ინტერაქტიური გახადოს. მარათონი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 2024 წლის გაზაფხულზე თბილისში დასრულდება.