გაიცანით წარმატებული ახალგაზრდა იურისტი ლაგოდეხიდან
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში მცხოვრები მარიამ ქებაძე წარმატებული იურისტია. მან, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, პროფესიული სტაჟირება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში გაიარა, მუშაობდა ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოში საოჯახო კატეგორიის დავების განმხილველი მოსამართლის სხდომის მდივნად. ახალგაზრდამ ლაგოდეხში საადვოკატო ბიუროც დააარსა.
მარიამი განმარტავს, რომ აღნიშნული პროფესიის მიმართულებით ინტერესი ბავშვობიდან ჰქონდა.
,,ვცხოვრობ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში. აქვე დავამთავრე ჯიმშერ მაისურაძის სახელობის საშუალო სკოლა და შემდეგ უკვე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. ვწავლობ ამავე უნივერსიტეტის სამართალის მაგისტრატურაში. ვარ ადვოკატი სამოქალაქო და ადმინისტრაციული დავების მიმართულებით, ასევე მაქვს არასრულწლოვნების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის სპეციალიზაცია.
პროფესიის არჩევისას ბევრი არ მიფიქრია. თითქოს სულ ვიცოდი, რომ იურისტი ვიქნებოდი. მართალია, ბავშვობაში უფრო გამომძიებლად ვხედავდი ჩემს თავს, მაგრამ სამართლის არსის უკეთ გაცნობამ გადამაწყვეტინა, რომ უკეთესი დამცველი ვიყავი, ვიდრე ბრალმდებელი, განსაკუთრებით კი – ბავშვების, რადგან მათ გამორჩეულად სჭირდებათ ზრუნვა და დაცვა.
უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად პროფესიულ სტაჟირებას გავდიოდი სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში. შემდეგ კი რამდენიმე წელი ვმუშაობდი თბილისის საქალაქო სასამართლოში, საოჯახო კატეგორიის დავების განმხილველი მოსამართლის სხდომის მდივნად. ოჯახური კონფლიქტების განხილვისას დავრწმუნდი, რომ ბავშვები ყოველთვის მეტად ზარალდებიან, ვიდრე მშობლები. სწორედ ამიტომ, ბავშვის უფლებების დაცვა ყველაზე მეტად მიყვარს და ვფიქრობ, რომ ეს საქმე განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოებას’’,– აცხადებს მარიამი knews.ge-სთან საუბრისას და განმარტავს, რომ ბავშვთა უფლებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, თითქმის ყველა ფეხის ნაბიჯზე ირღვევა.
ახალგაზრდა ამბობს, რომ სწორედ ამან მისცა ბიძგი განათლება აღნიშნული მიმართულებით მიეღო და ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში საკუთარი პროფესიით ემუშავა.
,,ბავშვთა უფლებები ხშირად ირღვევა ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში, ადმინისტრაციულ დაწესებულებებში, ეს მაშინ, როცა ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ შეთანხმებათა შორის, ბავშვის უფლებათა კონვენცია ისტორიაში ყველაზე მეტი ქვეყნის მიერ არის რატიფიცირებული, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიერ. ამან და ჩემი ბავშვობის უსამართლობის მოგონებებმა მომცა სტიმული, გავმხდარიყავი ადვოკატი და მეზრუნა სხვა ბავშვების უფლებებზე. მას შემდეგ, რაც ადვოკატი ვარ, ჩემი ყოველდღიურობა დაკავშირებულია ფიზიკური თუ იურიდიული პირებისთვის სამართლებრივი საკითხების მოგვარებასთან, ოფისიდან იქნება ეს თუ სახლიდან. ეს არის პროფესია, რომელში წარმატებისთვის ხშირად თავდაუზოგავი შრომა გჭირდება, ეს კი საქმისადმი სიყვარულის გარეშე არ გამოდის.
ჩემს კარიერაში ძალიან დიდი როლი ითამაშა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც გავიზარდე, როგორც იურისტი. განვითარების შემდეგი ეტაპისთვის ადვოკატობა გადავწყვიტე. ეს პროფესია ძალიან ახლოს დგას ჩემს პიროვნულ თვისებებთან, ინტერესებთან და ცხოვრებასთან’’,- აცხადებს მარიამ ქებაძე.
მიუხედავად თბილისში სამსახურისა, ის დედაქალაქიდან სოფელში დაბრუნდა, ადგილზე საადვოკატო ოფისი გახსნა და დღემდე მოქალაქეებს სამართლებრივ დახმარებას უწევს.
,,5 წლის წინ დავბრუნდი დედაქალაქიდან სოფელში და გავხსენი საადვოკატო ოფისი ქალაქ ლაგოდეხში. ვმუშაობ ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში და შესაბამისად, ჩემი საქმეებიც არაერთგვაროვანია, – დაწყებული დაბადების ფაქტის დადგენიდან, დამთავრებული რთული კატეგორიის საქმეებით. ვინაიდან, ამ პერიოდში მიმდინარეობს მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, ძალიან ხშირია ამ კატეგორიის საქმეებზე მომართვიანობა.
ოცდამეერთე საუკუნემ სივრცესა და დროში სხვაობის პრობლემა არ იცის, ამიტომ ჩემი კლიენტები ინდივიდუალურად მათ მოთხოვნებზე მორგებულ სერვისს იღებენ როგორც ოფისში ვიზიტით, ისე დისტანციურად.
ახალგაზრდა ადვოკატს, რომელსაც საზოგადოებაში ცნობადობა არ გააჩნია, ყველაზე მეტად სჭირდება ნდობა, რაც ადვილად მოსაპოვებელი არ არის. შესაბამისად, საქმიანობის პირველ თვეებში, მომსახურებაზე მოთხოვნა იშვიათი იყო, რასაც, რა თქმა უნდა, არ შევუფერხებივარ. სირთულეების და სტრესული გარემოებების გადალახვის გარეშე ალბათ ვერცერთი ადამიანი ვერ აღწევს წარმატებას და პიროვნულ განვითარებას. პატარ-პატარა ნაბიჯებით და გამარჯვებებით შემდგომი მოტივაცია ჩნდებოდა, რამაც მომცა სტიმული და დღეს უკვე ძალიან დატვირთულიც ვარ.
საზოგადოების ცნობიერება ნელ-ნელა იქამდე მიდის, რომ იურისტს პრობლემის წარმოშობის შემდგომ კი არ დაუკავშირდეს, არამედ მასთან ერთად დაგეგმოს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები. ეს კი იწვევს მოთხოვნის გაზრდას. მუნიციპალიტეტები დაცლილია ახალგაზრდებისგან. ყველა, ვინც განათლებას იღებს დედაქალაქში, ცდილობს იქვე დასაქმდეს. შესაბამისად, ნაკლებია დამწყები იურისტების რაოდენობა, რომლებთან ერთადაც სიამოვნებით გავაფართოვებდი ჩემს ოფისს. გაზრდილ მოთხოვნას ვერ უპასუხებს ერთი ადამიანის 24 სამუშაო საათიც კი.
ბაკალავრის საფეხურის დასრულების შემდეგ უწყვეტად ვმუშაობ ჩემი პროფესიით. საქმიანობის პარალელურად ვისწავლე მაგისტრატურაზე და, იმედი მაქვს, სულ მალე სწავლას განვაგრძობ დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.’’