1-ლი იანვრიდან მთავრობა ცემენტის, კერამიკული ფილებისა თუ ჭერის პროდუქტების ზედამხედველობას დაიწყებს
2024 წლის 1-ლი იანვრიდან საზედამხედველო სფეროს ემატება 17 ახალი პროდუქტი (მათ შორის: თაბაშირ-მუყაოს, სტრუქტურული მეტალის, ცემენტის, კერამიკული ფილების, წებო-ცემენტის და ჭერის პროდუქტები). ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მომავალში სამშენებლო პროდუქტების საზედამხედველო სფეროში იგეგმება 62 ახალი პროდუქტის დამატება (მათ შორის – გადახურვის პროდუქტები, ბლოკი, აგური, ქვის წყობასთან დაკავშირებული პროდუქტები, იატაკის პროდუქტები, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა, აგრეგატები და თბოიზოლაციის პროდუქტები).
უწყების ცნობითვე, 2023 წელს, ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს მიერ საქართველოს ბაზარზე შემოწმდა 127 სახეობის საბავშვო სათამაშო, საიდანაც 50 სათამაშოზე გამოიცა პროდუქტის ბაზრიდან ამოღების დადგენილება.
2023 წლის მარტი-სექტემბრის პერიოდში, ადგილობრივ ბაზარზე ასევე შემოწმდა 49 ეკონომიკური ოპერატორის მიერ ბაზარზე სარეალიზაციოდ განთავსებული 75 ტიპის სამშენებლო პროდუქტი, საიდანაც რეკომენდაცია გაიცა 26 პროდუქტზე.