როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ბულინგის ფაქტებზე რეაგირება და როგორია მისი პრევენციის გზები
ბოლო პერიოდში, საჯარო სკოლებში ბულინგის ფაქტები გაიზარდა. დაფისქირდა მშობლების, კლასელების და მასწავლებლების მხრიდან მოზარდებზე ბულინგის ფაქტები, რომელმაც საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
ბულინგის ფაქტი დაფიქსირდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში. მე-6 კლასის მოსწავლე გოგონა, სკოლის პედაგოგის და მანდატურის მხრიდან დაცინვის მსხვერპლი იყო. ფაქტზე, რომელზეც გიყვებით, დეტალები შეცვლილია მოსწავლის ინტერესების სურვილის გათვალისწინებით.
,,სკოლის პედაგოგი და მანდატური, მუდმივად დამცინოდნენ, ხაზს უსვამდნენ ჩენს განსხვავებულ ჩაცმულობას და ვარცხნილობას. სხვა ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ჩემთან ახლოს არ ყოფილიყვნენ, არ გაევლოთ და არ ეთამაშათ. მოსწავლეთა უმეტესობა ამას აკეთებდა. ჩემი მშობლების დიდი მოთხოვნის მიუხედავად, ადმინისტრაცია შეეცადა მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა უშედეგოდ. რთულ სიტუაციაში ვიყავი ფსიქოლოგიურად და გადავწყვიტე სხვა სკოლაში გადასვლა. მინდა გითხრათ, რომ სკოლებში მსგავსი ფაქტები ბევრია და ამ ფაქტებს სწრაფი რეაგირება უნდა მოყვეს”,- აცხადებს ლიზი, (სახელი შეცვლილია) რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი რამდენიმე წლის წინ გახდა.
მსგავსი ფაქტებია დაფიქსირებული სხვადასხვა დროს კახეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მოქალაქეების თქმით, ბავშვების უმეტესობა აღნიშნულ ფაქტებზე ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რაც როგორც თავად ამბობენ, მეტად საზიანოა ახალგაზრდებისთვის.
სპეციალისტები და ამ კუთხით მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მუშაობაა საჭირო, რომელიც როგორც ოჯახებში, ასევე სკოლებში და მასწავლებლებთან იმუშავებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოს“ იურისტი, ანნა თვარაძე აცხადებს, რომ მნიშნელოვანია ბულინგის ფორმების და ტიპების შესახებ ინფორმირებული საზოგადოება.
,,ბოლო დროს დაფიქსირებული ფაქტი, რომელიც ბულინგს ეხებოდა, იყო უმძიმესი. ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი იმ საკითხისა, რაშიც საზოგადოება ვართ. პრობლემის წინაშე ვართ როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ასევე მშობლები, მოსწავლეები, სკოლა და მასწავლებლები. ამ შემთხვევაში სკოლა არის უდიდესი პასუხისმგებლობის მატარებელი, რომელიც გარდდა სააღმზრდელო პროცესზე პასუხისმგებლობისა, ასევე მას აქვს უდიდესი პრევენციის მექანიზმი.
ბულინგი ეს არის არასასურველი ქმედება, დისკომფორტის შემცველი ქცევა, რომელიც მეორე ადამიანს, როგორც სრულწლოვანს ასევე არასრულწლოვანს, მიაჩნია არასასურველ ქცევად და ქმედებად. ეს არის ჩაგვრა, რომელიც შეიძლება იყოს ვერბალური, არავერბალური, სოციალურ სივრცეში, შეიძლება ეს იყოს ფსიქოლოგიური ხასიათის მატარებელი, ეს შეიძლება იყოს სისტემური ხასიათის, რომელმაც შეიძლება რთულ პრობლემასთან მიგვიყვანოს. ბულინგი და ჩაგვრა შეიძლება იყოს გამოყენებული მოსწავლის მიმართ ერთჯერადად’’,- განაცხადა რადიო ,,კახეთის ხმის“ ეთერში ანნა თვარაძემ.
მისი განმარტებით, მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება და როგორც მოსწავლეების და მათი მშობლების, ასევე მასწავლებლების ინფორმირება იმაზე, თუ როგორ ამოიცნონ ბულინგი, როგორ მოიქცნენ მისი აღმოჩენის შემთხვევაში, როგორი გარემო უნდა შეუქმნან მოზარდს და როგორ მოახდინონ პრევენციული ღონისძიებების გატარება.
,,არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხასიათის იქნება ბულინგი. ყველა შემთხვევაში აუცილებელია პრევენციის ღონისძიებების გატარება და ეს არის ცნობიერების ამაღლება და მოსწავლესთან მეგობრობა, იმისთვის, რომ მას ჰქონდეს სკოლაში და ოჯახში მეგობრული გარემო. ის უნდა გრძნობდეს თავს თანასწორად როგორც მშობელთან ისე მასწავლებელთან. იმისათვის, რომ ეს გარემო შევქმნათ მოზარდისთვის, აუცილებელია თვითონ ის ადამიანები, მშობლები, მასწავლებლები თუ უფროსი მეგობარი, აღჭურვილი იყოს შესაბამისი ცოდნით, იმის თაობაზე რომ თუ გამოკვეთავს ბულინგის შემთხვევას, ჩართოს საგანგაშო სიგნალი.
ძალიან გავრცელებულია კიბერბულინგი, რადგან არასრულწლოვანების უმეტესობა გაჯეტებზეა დამოკიდებული. აქაც შეიძლება ბულინგი იყოს განსხვავებული ფორმატის და ბულერი და ბულინგის მსხვერპლი არ იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ ჩაგვრა და დანაშაულის შემცველი ქმედებები ხორციელდებოდეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მშობელი იყოს სწორი ინფორმაციით აღჭურვილი, რომ გამოავლინოს ბავშვი ხომ არ არის რაიმე სახის ბულინგის მსხვერპლი. ამის ნიშნები, როგორც სამართალში, ისე ფსიქოლოგებიც მიგვანიშნებენ, რომ გამოკვეთილია რამდენიმე ფორმა. თუ ბავშვს განწყობა აქვს დაქვეითებული, თუ ის უარს ამბობს საკვებზე, ასევე მას დაქვეითებული აქვს თვითშეფასება, ყოველთვის თვითკრიტიკულია საკუთარი თავის მიმართ, ყოველთვის დამნაშავეს ეძებს საკუთარ თავში და სხვა- ეს ყველაფერი შეიძლება ერთობლიობაში არ იყოს გამოვლენილი თუმცა, რომელიმე ამ ნიშნის აღმოჩენა, რომელიც სისტემურ ხასიათს მიიღებს, უნდა იყოს მნიშვნელოვანი სიგნალი, რომ მშობელმა დაიწყოს ძიება რა ხდება მოზარდის ცხოვრებაში, ხომ არ არის რაიმე ნიადაგი იმისა, რომ ბავშვზე მიმდინარეობს ბულინგი და ზეწოლა’’,- აცხადებს ანნა თვარაძე.
ანა ასევე განმარტავს, რომ ხშირად ბულინგი გადადის დანაშაულში და ზიანი ადგება მოზარდის ფსიქიკას, სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ეს კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია. იმ შემთხვევაში, თუ მძიმე ვითარებაა, აუცილებლად უნდა იყოს საქმის კურსში სამართალდამცავი ორგანოები, სფიქოლოგი, სოციალური სამსახური და მრავალმხრივ მიდგომით უნდა მოხდეს კონკეტული ქმედებების აღკვეთა.
ინკლუზიური განათლების სპეციალისტი სალომე ჩარკვიანი განმარტავს, რომ ბულინგი შესაძლოა სრულიად უწყინარი ხუმრობიდან დაიწყოს და მისი გაგრძელება მოხდეს, რამაც შესაძლოა მოზარდი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობამდე მიიყვანოს.
,,ბულინგი არ იწყება იმ ფორმით, რომელიც გასულ დღეებში ჩვენ ვნახეთ. ის იწყება ერთი შეხედვით სახალისო და არა ყურადღება მისაქცევი ფაქტებით და სწორედ ამის გამო ხშირად გვეპარება ბულინგის ფაქტები. ეს საკითხი ასევე გამოწვევაა ევროპის მაღალგანვითარებადი ქვეყნებისთვისაც, ისინიც დღემდე ებრძვიან ბულინგს და სრულად ვერ აღმოფხვრეს, თუმცა მათ აქვთ სტრატეგიები და მინიმუმ ამაში შეგვიძლია მივბაძოთ, რომ ასე აღარ გართულდეს სიტუაცია როგორი შედეგებიც ვნახეთ.
ასეთი ფაქტები ხშირია ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში. ბულინგის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა დაცინვა და ჩაგვრა. ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია, რომ ადამიანები ერთმანეთს ვეხუმრებით, ფიზიკურ მახასიათებლებზე. კვლევებიც ადასტურებს, რომ მოსწავლეებს მასწავლებლების მხრიდანაც განუცდიათ ეს. ხშირად ბავშვებს უკეთებენ აქცენტს მათ ფიზიკურ მონაცემებზე, ვითომ არა ცუდი განძრახვით, მაგრამ ეს შეიძლება საფრთხე გახდეს და სათავე იყოს მწვავე კომუნიკაციისა მოსწავლეებს შორის, რომელსაც მასწავლებელი ვეღარ გააკონტროლებს. როდესაც მასწავლებელი, ან მშობელი ძალიან დაკავებულია და ბავშვი მიდის მასან და ეუბნება, რომ მას დასცინიან ან მისი ჩაცმულობა ან წონა არ მოეწონა ვინმეს. ეს იმდენად ჩვეულებრივ ამბად მიგვაჩნია, რომ ეუბნებიან ბავშვს რა მოხდა მერე, ეს შენით მოაგვარე მე არ მცალიაო. სწორედ აქ რჩება ბავშვი მარტო ძალადობის წინაშე. ბოლო გავრცელებული ფაქტიც სწორედ ამაზე მიუთითებს. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და ამას ვთხოვთ ბავშვებს, რომ გულგრილად არ ჩაუარონ სახალისო შემთხვევასაც კი’’,- აცხადებს სალომე ჩარკვიანი.
მისი თქმით, პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელია აქტიური მუშაობა მოსწავლის ოჯახთან, სკოლასთან და მეგობრებთან. მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია რა არის ბულინგი და რა შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. სალომე ასევე განმარტავს, რომ ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა ასევე სკოლებში ბულინგის პროტოკოლის შექმნა.
,,სკოლებში აუცილებელია ბულინგის პროტოკოლის ქონა, რომელიც არ არსებობს სკოლებში, ან არსებობს და მხოლოდ ფურცელზე. უნდა იყოს პრევენციის და დამდგარ ფაქტზე რეაგირების პროტოკოლი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ როდესაც რაღაც ხდება სკოლაში, მასწავლებელი და ადმინისტრაცია რჩება შიშველი ხელებით. მათ არ აქვთ ერთმანეთთან თანამშრომლობის სისტემა აწყობილი. ეს არ არის მათი ბრალი, ეს არის სისტემის ბრალი. იმდენად არის სკოლა დაკავებული სხვა საკითხებით, რომ არ რჩება დრო იზრუნოს ბავშვის ფსიქოლოგიური და ფიზიკური კარგად ყოფნისთვის.
ზოგადად პრევენციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ადრე იყო მცდელობა, რომ მომხდარიყო სამინისტროს მიერ პრევენციული ღონისძიებების დანერგვა, თუმცა ეს არ მოხდა სწორად, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით. თეორიული ცოდნის მიწოდება მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა იცოდეს როგორ მოიქცეს, მოსწავლემ იცოდეს რა არის ჩაგვრა, ეს არ მოხდა. ბევრმა ბავშვმა არც იცის რომ ბულინგის მსხვერპლია და არ ამბობენ ამას. ამიტომ თეორიული ინფორმაციის მიწოდება არ არის საკმარისი.
ხშირად ბავშვები ჩუმდებიან და არაფერს ამბობენ, იმიტომ რომ მისი თანაკლასელი არ გარიცხონ სკოლიდან ან არ დასაჯონ, რაც მერე ისევ თვითონ შეეხება, რადგან გარიყული შეიძლება აღმოჩნდეს. ეს კი მშობლების და სკოლის ბრალია, რომ ბავშვები ვერ გრძნობენ ნდობას მათ მიმართ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა, მასწავლებლებმა იცოდნენ როგორ დაიცვან ის საშუალო ზღვარი სიმკაცრის და პრინციულობის, რომ რომელიმე უკიდურესობაში არ გადავარდნენ.
სკოლამ უნდა მოახდინოს მშობლების ინფორმირება, როგორ გააგებინოს მაღ მშობელმა თუ ბავშვს რაიმე ცვლილება შეატყო და შესაძლოა ბულინგის მსხვერპლი იყოს. მშობლები ხშირად ძალიან დაკავებულები არიან და ეპარებათ სხვადახვა ფაქტები. თუ მშობელი რამეს შეატყობს შვილს, ის უნდა მივიდეს სკოლასთან და მიაწოდოს ინფორმაცია, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია ამაზე რეაგირების მექანიზმებიც. რამდენად მარტივიც არ უნდა იყოს ფაქტი, ამაზე რეაგირება მაინც უნდა მოახდინოს სკოლამ. მნიშვნელოვანია არაფორმალური აქტივობების დროს სკოლის მოსწავლეებზე დაკვირვება. ამაში კი ძალიან გვიჭირს. არასდროს მასწავლებლებს არ სცალიათ, რომ შესვენებებზე და სპორტის გაკვეთილებზე ბავშვების ქცევას დააკვირდნენ, რადგან ბულინგი არ არის ისეთი თვალსაჩინო, რომ ზედაპირზე ადვილი დასანახი იყოს. თამაშის და აქტივობების დროს მასწავლებელს შეუძლია დაინახოს ვინ გარიყულია და მიხვდე,ს რომ აქ უკვე ჩარევაა საჭირო’’,-განაცხადა სალომე ჩარკვიანმა.
ვრცლად ნახეთ რადიო კახეთის ხმის გადაცემა: