საქალაქთაშორისო მგზავრობა სავარაუდოდ, გაძვირდება
საწვავის გაძვირების გამო, ზოგიერთი მიმართულებით უახლოეს პერიოდში საქალაქთაშორისო მგზავრობა გაძვირდება. ბაზარზე მომუშავე კომპანიების ნაწილი ფასის ზრდას ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის აანონსებს.
კომპანია „ომნიბუს ექსპრესის“ დირექტორი ირაკლი კაბულაშვილი BMG-თან საუბრისას აცხადებს, რომ თუ საწვავზე ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდა, მგზავრობის ტარიფი საშუალოდ 15-20%-ის ფარგლებში გაიზრდება.
„საწვავის გაძვირება იწვევს ლოგისტიკური ხარჯების გაზრდასაც, რაც გულისხმობს კომპანიისთვის ირიბი ხარჯების მატებას. ეს არის შეკეთება, ავტონაწილების იმპორტი, იგივე თანამშრომლების გადაადგილების ხარჯი, რაც ბუნებრივად იწვევს ჯამში ფასების დაკორექტირებას. თუ ფასი დაბლა არ წამოვიდა და თუნდაც ამ ნიშნულზე შენარჩუნდა, არათუ გაიზარდა, ჩვენ მოგვიწევს ფასის 15-20%-ით გაზრდა. საწვავის ფასმა ბოლო 1 თვის განმავლობაში ჩვენთვის მოიმატა 35%-ით, ამიტომ ამ ყველაფერს რომ მარტივად გავუძლოთ, უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობთ, რომ ეს ასახვა უკვე ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გვექნება“,- განაცხადა კაბულაშვილმა.
თავის მხრივ, საწვავზე ფასის ზრდის გამო ტარიფების გადახედვის აუცილებლობაზე საუბრობენ დიდუბისა და ოკრიბას სადგურებზე მომუშავე მიკროავტობუსებისა და ტაქსების მძღოლები. ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო ამ ეტაპზე არსებული ტარიფების გადახედვას არ გეგმავს ავტობუსების კომპნია „მეტრო ჯორჯია.“