ფქვილის იმპორტის შემთხვევაში, ერთ ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250 ლარი საფასური დაწესდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება.
„მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, არასტანდარტული ვითარებაა შექმნილი ხორბლის ფასის ფორმირების და, ზოგადად, ლოგისტიკის კუთხით. ამ მიმართულებით, რამდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რითაც ვითარება ფქვილის იმპორტის ზრდასთან დაკავშირებით დაბალანსდა ფქვილის იმპორტზე დაწესებული 200 ლარიანი დამატებითი საფასურით. თუმცა, ამ თვეების განმავლობაში გამოიკვეთა, რომ, ფქვილის იმპორტი კვლავ მზარდი ტენდენციით ხასიათდება. ეს განპირობებულია ისევ და ისევ ფასის არასტაბილური ფორმირებით, იმ ჭარბი მოსავლით, რაც არსებობს მსოფლიოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფქვილის იმპორტის შემთხვევაში დაწესდეს ერთ ტონაზე დამატებით 50 ლარი, ანუ ჯამში 250 ლარი საფასური“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, წლევანდელი სტიქიის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, წლევანდელი ხორბლის მოსავალი არის დაბალი ხარისხის.
„გარდა ზემოაღნიშნულისა, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ იმპორტის შემთხვევაში, ქერზე და ასევე ქატოზე, რომელიც ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტია, დაწესდეს 100 ლარი დამატებით საფასური. აღსანიშნავია, რომ, აქამდე, ქატოზე არ ვრცელდებოდა რეგულაციები; მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობთ, ძალიან დაეხმარება ადგილობრივ ხორბლის მწარმოებლებს მოყვანილი ხორბლის რეალიზებაში იმ ფასად, რომ მათ მოახერხონ საქმიანობის გაგრძელება და შემდგომშიც ქვეყნის ეკონომიკაში იმ წვლილის შეტანა, რაც აქამდე მზარდი ტენდენციებით ხასიათდებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება, ფქვილის იმპორტის საფასურის ზრდასთან დაკავშირებით, არ იმოქმედებს პურის ფასზე, პურის გაძვირების რისკი არ არსებობს. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ადგილობრივი ხორბლის რეალიზებას“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.
თენგიზ ნასარიძემ აღნიშნა, რომ სამინისტროს მუდმივად აქვს კომუნიკაცია ხორბლის მწარმოებლებთან, გადამმუშავებელ სექტორთან და, ზოგადად, დარგის წარმომადგენლებთან. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებებს წინ უძღოდა აქტიური შეხვედრები, ერთობლივად შემუშავდა დახმარების პაკეტი და, საჭიროებიდან გამომდინარე, დროებითი მექანიზმი. ბაზარზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, შემდგომში მოხდება ამ გადაწყვეტილებების კორექტირება.