ცესკო- დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია
კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა. როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა საინფორმაციო ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 43 330-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 23,51%-ია.
„მათ შორის გორსა და კასპში არჩევნებზე მივიდა 25 627, გურჯაანში კი 17 703 ამომრჩეველი. გვინდა მადლობა გადავუხადოთ მათ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამოჩენისა და აქტიურობისათვის.
დღევანდელი დღე ელექტრონული არჩევნების დანერგვის პროცესში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია და საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მშვიდ, სამუშაო ვითარებაში წარმართოს საქმიანობა.
ამ ეტაპზე საარჩევნო უბნებზე მიმდინარეობს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო პროცედურები. იმ უბნებზე სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა, ხმის მთვლელ აპარატზე ამოიბეჭდება პირველადი შედეგების ამსახველი ამონაწერები და პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. შეგახსენებთ, რომ ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი 103 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობდა. ხმის დათვლის პროცედურები დაწყებულია დანარჩენ 30 უბანზე. მას შემდეგ რაც შედგება შემაჯამებელი ოქმები, დასკანერდება და ასევე პლანშეტის საშუალებით გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 2 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
მთელი დღის განმავლობაში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, ამომრჩეეველთა კითხვები ძირითადად სიაში თავის გადამოწმებას და საარჩევნო უბნის მისამართის დაზუსტებას შეეხებოდა“,-განაცხადა ნათია იოსელიანმა.