ცესკო – ამომრჩევლებმა მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს
ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს, ამომრჩეველთა აქტივობა საკმაოდ მაღალია, დაუშვებელია პროცესის შეგნებული დაზიანება.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
მისივე თქმით, საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის შედეგად, ამომრჩევლებმა მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად ხორციელდება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია განაგრძობს ამომრჩევლებისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მოდერნიზება – ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება გადამწყვეტ ეტაპზეა და სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პირველი ოქტომბრის არჩევნებისთვის, ისე 2024 წელს დაგეგმილი პარლამენტის არჩევნებისთვის აქტიური საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ჯერ კიდევ ზაფხულიდან დაიწყო. სწორედ ამ აქტიური კამპანიის შედეგია ის, რომ ამომრჩევლებმა ძალიან კარგად და მარტივად მიიღეს ელექტრონული ტექნოლოგიები და კენჭისყრა შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ვერ მიდიან არჩევნებზე, გადასატანი ყუთები უკვე გასულია საარჩევნო უბნებიდან. შეგახსენებთ, რომ ის ამომრჩევლებიც გაივლიან მარკირების შემოწმების პროცედურას, რომლებიც გადასატანი ყუთის მეშვეობით მისცემენ ხმას“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.