თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა
ვაჟა-ფშაველას სახელობის თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა.
ღონისძიება ქართველი პიანისტის, ანასტასია ვირსალაძის დაბადებიდან 140 წლისთავს ეძღვნება.
კონცერტის დაწყებამდე, საზოგადოებას სიტყვით მიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
,,მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში – ეს არის ღონისძიება, რომელსაც წლიდან წლამდე ელოდება როგორც თითოული თელაველი, ასევე ჩვენი ქალაქის სტუმრები.
ფესტივალის ფარგლებში, მხოლოდ რამდენიმე დღის განმავლობაში თელავი ათეულობით, ასეულობით სტუმარს მასპინძლობს და ხდება ყველსათვის სასურველი და საყვარელი ლოკაცია.
ამ ყველაფრისთვის კი მადლობა უნდა გადავუხადოთ, რაღა თქმა უნდა, ქალბატონ ელისო ვირსალაძეს, რომლის ღვაწლი უდიდესია. მადლობა მას, რომ თელავი აირჩია ასეთი მაღალი დონის ფესტივალის ჩასატარებლად.
მადლობაა მას, რომ არ არღვევს ტრადიციას და ყოველწლიურად გვაძლევს შესაძლებლობას, მოვუსმინოთ საოცარ მუსიკოსებს.
მინდა გავაჟღერო ერთი სიახლე. წელს ყველასათვის ცნობილი ქალბატონის, ქეთევან იაშვილის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თელავის გენდერული საბჭოს ინიციატივით და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით დაწესდა ქეთევან იაშვილის სახელობის ჯილდო, რომელიც წელს პირველად მეცენატ ქალბატონს გადაეცემა და ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუ არა ქალბატონი ელისო ვირსალაძე.
დიდი პატივისცეკით გადავცემთ მას აღნიშნულ ჯილდოს და კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას გაწეული შრომისთვის.
თელავი მუდამ მზად არის, სიხარულით, ღირსეულად უმასპინძლოს მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს,, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.
მასშტაბურ მუსიკალურ ღონისძიებას თელავი 23-30 სექტემბერს მასპინძლობდა. თეატრის ფოიეში ანასტასია ვირსალაძისადმი მიძღვნილი გამოფენაც გაიმართა.
კლასიკური მუსიკის ფესტივალი თელავის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით და კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.