ახალი ამბები

სოფელ წინანდალში მცხოვრები ახალგაზრდა ხელნაკეთ ნივთებს ქმნის

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მცხოვრები სოფო გრიშიკაშვილი ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს.

ის სხვადასხვა ნივთებისგან სამზარეულოს მოხატულ დაფებს, სასანთლეებს, სურათის საკიდებს, გასაღების საკიდებს, კოვზებს, ხისგან სხვადასხვა ფორმის და ზომის სუვენირებს ამზადებს.

როგორც ის knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ბიოლოგია, საყვარელი საქმის მიმართ ინტერესი სულ ჰქონდა. სოფო გრიშიკაშვილი განმარტავს, რომ საქმიანობის დაწყება პანდემიის დროს, სახლში ყოფნისას გადაწყვიტა. მისმა ნამუშევრებმა საზოგადოების მოწონება მალევე დაიმსახურა.

 

,,ვსწავლობდი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიოლოგიის ფაკულტეტზე. მეორე ბავშვის გაჩენის შემდეგ, ვეღარ შევძელი ჩემი პროფესიით მუშაობა და მომიწია სახლში ყოფნა, რადგან პანდემიის გამო ყველაფერი ჩაიკეტა. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი საქმიანობა.

სტუმრად მივდიოდი მეგობართან და მინდოდა რამე განსხვავებული და დასამახსოვრებელი საჩუქარი მეჩუქებინა. კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე, საჩუქრის საყიდლად გასვლა ვერ მოვახერხე, ამიტომ ხის ტოტებისგან პატარა ქოხი ავაწყე, ნაძვების მაგივრად კი გირჩები გამოვიყენე. ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ამან მომცა ბიძგი საქმიანობა დამეწყო’’,- აცხადებს სოფო გრიშიკაშვილი.

როგორც ხელოვანი განმარტავს, ნამუშევრების პოპულარიზაციისა და გაყიდვების გაზრდისთვის შექმნა Facebook გვერდი ,,Sofis’Art’’, რისი დახმარებითაც შეკვეთებს იღებს. მისი თქმით, ძირითადად მუშაობს ხეზე, რადგან ის ეკოლოგიურად სუფთაა.

,,პირველი ნამუშევარი, ტყეში მდგარი პატარა ქოხი იყო, რომელიც მეგობარს ვაჩუქე. ბავშობიდან ჩემი ჰობი ხატვა და ძველი დაზიანებული ნივთების შეკეთება იყო, რასაც სახლში მუდმივად ვაკეთებდი. ახლაც, ძირითადად, ხისგან დამზადებულ ნივთებზე ვმუშაობ, რადგან ეკოლოგიურად სუფთაა და ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგალითად: სამზარეულოს ამომწვარ-მოხატული დაფები, სასანთლეები, სურათის საკიდები, გასაღების საკიდები, კოვზები და სხვა უამრავ რამეს რისი გაკეთებაც შესაძლებელია საკუთარი ხელით’’,- აცხადებს სოფო.

გარკვეული ნივთის დამზადებას კონკრეტული დრო სჭირდება და შრომატევადია, თუმცა, როგორც სოფო განმარტავს, ეს პროცესი მისთვის სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა. ახალგაზრდა ასევე აცხადებს, რომ მისი საყვარელი საქმიანობა შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა.

,,ყველაზე დიდი დრო ე.წ. დიორამებს სჭირდება, შეიძლება ერთი კვირაც ან მეტიც. სამზარეულოს დაფების დამზადება კი ნახატის სირთულეზეა დამოკიდებული. რაც მეტად რთული ნახატის გადატანა უნდა მომხმარებელს, მით უფრო მეტი დროა საჭირო შეკვეთის დასამზადებლად. ჩემი მომხმარებლები როგორც სანაცნობო წრე, ასევე ჩემი Facebook გვერდის მომხმარებლები და ემიგრანტებიც არიან. ზოგ ნივთებს ფოსტით ვაგზავნი, ზოგი კი პირადად მიმაქვს, რომ არ დაზიანდეს.
ზოგადად, ხის ნამუშევრები ყოველთვის უკონკურენტოა და თავისი მომხმარებლები ჰყავს. ამიტომ არც ჩემი ნამუშევრები დარჩა ყურადღების გარეშე. ყველაფერს ვაკეთებ საკუთარი ხელით, არ მაქვს იარაღები და როცამ ნივთს ვეხები ყველა ხარვეზს თუ ზედმეტობას ვგრძნობ და სანამ იდეალურ მდგომარეობამდე არ მოვიყვან, არ ვანებებ თავს. ამასთან ერთად, ვქმნი საკუთარი ხედვებით შექმნილ ნამუშევრებს , რომლის ანალოგიც არავის აქვს გაკეთებული. ასევე ვამზადებ მომხმარებლების მიერ დაკვეთილი ნივთების იდენტურ ნამუშევრებს .’’

სოფო განმარტავს, რომ ნამუშევრების დასამზადებლად მასალებს თავად იძიებდა, თუმცა მოთხოვნის გაზრდის პარალელურად, საჭირო გახდა მეტი ნამუშევრის დამზადება. როგორც თავად ამბობს, ახლა მასალების დასამზადებლად საჭირო მასალის ინტერნეტით გამოწერა უწევს, რაც ხშირად დროში იწელება.

,,თავიდან ჩემით დავიწყე მოძიება საჭირო მასალების როგორიცაა ხავსი, ტოტები, გირჩები, მაგრამ განვითარებისთვის მხოლოდ ეს არ იყო საკმარისი. თუ რამე განსხვავებულის შექმნა მინდა, სამწუხაროდ, მიწევს მასალის გამოწერა და კვირობით ლოდინი. ხის მასალას ვყიდულობ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას, რადგან ვარჩევ საუკეთესოს.
ამ ეტაპზე სახლში საკმაოდ პატარა კუთხე მაქვს გამოყოფილი და არც ხელსაწყოები არ მაქვს, რაც პრობლემებს მიქმნიდა. ამიტომ მივიღე “აწარმოე საქართველოს” პროგრამაში მონაწილეობა და მოვიპოვე გრანტი. შედეგად, სულ მალე მექნება ჩემი საკუთარი სახელოსნო, საჭირო ხელსაწყოებით.
ჩემი საქმიანობით მინდა იმ დედებისთვისთვის ვიყო მაგალითი, ვისაც ჰგონია, რომ თუ შვილები გყავს ვერაფერს გააკეთებ. ჩემი აზრით, მთავრი მონდომებაა. პირველი შვილი 4 წლის იყო, მეორე კი_ თვეების ხეზე მუშაობა რომ დავიწყე’’,-
აცხადებს სოფიკო გრიშიკაშვილი.