ახალგაზრდების 46% მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობს
ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საქართველოს ახალგაზრდების სოციოლოგიური კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
კვლევა შეეხო ახალგაზრდების ეკონომიკურ მდგომარეობას, ასევე მათ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ შეხედულებებს. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 14-29 წლის 1,200-მა პირმა, მათგან მხოლოდ 35% აცხადებს, რომ ისინი დასაქმებულები არიან. კითხვაზე თუ ფინანსურად ვინ არჩენს, ახალგაზრდების 46% მიუთითებს რომ მშობლების კმაყოფაზე ცხოვრობენ, ხოლო გამოკითხულთა 37%-ს საკუთარი შემოსავალი აქვს.
ყოველი ათიდან დაახლოებით ერთი ახალგაზრდა ფინანსურად პარტნიორზეა დამოკიდებული, ხოლო იგივე რაოდენობა ფინანსურ დახმარებას მშობლებისა და/ან ნათესავებისგან იღებს. გამოკითხულთა მცირე ნაწილი იღებს სახელმწიფო დახმარებას (7%) და საოჯახო პენსიას (5%), ხოლო გამოკითხულთა ერთ პროცენტზე ნაკლებისთვის შემოსავლის წყარო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული შემოსავალი, გრანტი ან სტუდენტური სესხია.
“კითხვარი შემუშავდა ინგლისურ ენაზე ფრიდრიხ ებერტის ფონდის თბილისისა და ბერლინის ოფისებთან კონსულტაციის საფუძველზე. რაოდენობრივი მონაცემები მოგროვდა 2022 წლის 30 მაისიდან 2022 წლის 16 ივნისამდე პერიოდში. თბილისში დაფუძნებულმა კომპანიამ IPM Research-მა 14-29 წლის ახალგაზრდების წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 1206 რესპონდენტი გამოკითხა. რესპონდენტები შეირჩა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი კლასტერული შერჩევის საფუძველზე. რესპონდენტები შეირჩა ასაკობრივი და გენდერული კვოტის გათვალისწინებით. ინტერვიუების საშუალო ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენდა, სტანდარტული გადახრა კი 14 წუთი იყო,”- ნათქვამია კვლევის მეთოდოლოგიაში.