რჩევები სხვადასხვა საკითხებზე სისხლის სამართლის ადვოკატისგან
თელაველი რუსუდან აგურაშვილი წარმატებული ადვოკატია.
ის ასევე საადვოკატო კომპანია ,,LAWMAX” თანადამფუძნებელი და მიწვეული ლექტორია ,,ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ასოციაციაში”. გთავაზობთ ინტერვიუს რუსუდან აგურაშვილთან. ის სხვადასხვა და მნიშვნელოვან საკითხებზე, მოსახლეობას რჩევებს აძლევს.
„საზოგადოებაში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება, ზოგადად ნებისმიერ საკითხში და მითუმეტეს საადვოკატო კონსულტაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამ გზით შესაძლებელია უამრავი უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება. დღესდღეობით, თანამედროვე ცხოვრებაში თითქმის ყველა ურთიერთობა ადამიანებს შორის, უკვე სამართლებრივ დონეზე რეგულირდება და კონკრეტულ შედეგებს წარმოშობს. ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ჩვენი უფლებების და ვალდებულებების შესახებ, კარგად ვაანალიზებდეთ ჩვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ზუსტად ვიცოდეთ და ვაფასებდეთ არსებულ რისკებს, რათა მომზადებული ვიყოთ მოსალოდნელი შედეგებისათვის, რომელიც ხშირად შესაძლოა არც თუ ისე სასიამოვნო აღმოჩნდეს.
სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს კონკრეტულ საკითხზე ადვოკატთან კონსულტაციას და მისგან სამართლებრივი რჩევების მიღებას. ადამიანებმა შესაძლებელია იცოდნენ მათი ძირითადი უფლებების შესახებ, თუმცა შეუძლებელია, და რიგით მოქალაქეს არც მოეთხოვება, რომ დეტალურად იცნობდეს საკანონმდებლო აქტებს, რომლებიც სამოქალაქო თუ სისხლის სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს. არადა, ხშირად 1 საათს ანდა ერთ ხელმოწერას შეუძლია გადაწყვიტოს შენი საქმის ბედი.
ისევე როგორც სამედიცინო კონსულტაციის გარეშე შეუძლებელია ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ასევე მნიშვნელოვანია სამართლებრივი კონსულტაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, ვინაიდან კონკრეტულ საკითხში სპეციალური ცოდნის გარეშე სწორი შედეგის მიღება შეუძლებელია. ექიმმა შეიძლება ცხოვრების წლები, ადვოკატმა კი – თავისუფალი ცხოვრების წლები გაჩუქოს.
ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანი ახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც სამომავლოდ სამართლებრივ შედეგს მოიტანს, უმჯობესია ჯერ ადვოკატს გაესაუბროს. გაარკვიოს მისი უფლებების შესახებ, გაიგოს როდის და რაზე შეუძლია უარის თქმა, რა არის ვალდებულება და რა უფლება. დარწმუნდეს ზედმიწევნით სწორად ესმის თუარა იმ სამართლებრივი ნაბიჯის მნიშვნელობა, რომლის გადადგმასაც აპირებს ან იმ შედეგის მნიშვნელობა, რომელიც დადგება. ახსნა-განმარტებისა და რჩევების მიღებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს რადგანაც ძალიან ხშირია, როდესაც ადამიანი არასწორად აფასებს ან ესმის კონკრეტული სამართლებრივი სიტუაცია და მოლოდინიც რეალობისაგან განსხვავებული აქვს.
ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ნორმით ვხელმძღვანელობთ, ეს შეიძლება იყოს კულტურული, მორალური, ზნეობრივი ნორმები, რომლებიც დაუწერელია, თუმცა ყველა ვთანხმდებით მათ არსებობაზე, ვაღიარებთ და ვასრულებთ. მაგრამ სამართალში ყველაფერი კანონით არის გაწერილი და შესაძლებელია ისე განვითარდეს მოვლენები, რომ ჩვენთვის წარმოუდგენელი შედეგები მივიღოთ. მაგალითად დღეს დაზარალებულის სტატუსის მატარებელი ადამიანი რამდენიმე თვეში ამავე საქმის გამო ბრალდებული გახდე. ეს საზოგადოების წევრისათვის ხშირად წარმოუდგენელია, მაგრამ სამართალში ასეთი რამ შესაძლებელია. სწორედ ასეთი ცხოვრებისეულად უჩვეულო მაგრამ სამართლებრივად აბსოლიტურად ჩვეულებრივი მოვლენების თავიდან ასარიდებლად, საწყის ეტაპზე ყოველთვის უმჯობესია მივმართოთ ადვოკატს და სამართლებრივი რჩევების ფარგლებში ვიმოქმედოთ.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულის ექსკლუზიური შესაძლებლობაა, გამოიყენოს დუმილის უფლება, არ გასცეს პასუხი მისთვის დასმულ შეკითხვებს, არ დაიბრალოს დანაშაული. ყველაფერი რასაც იტყვის, შესაძლოა მის წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული. აღნიშნული არის ბრალდებულის პროცესუალური გარანტია, ისარგებლოს ადვოკატის მომსახურეობით და არ მისცეს ჩვენება, რომელიც მისივე საწინააღმდეგო იქნება, ანუ არ გამოვიდეს მოწმედ საკუთარი თავის წინააღმდეგ (ზოგადად, ეს უფლება ყველა ადამიანს აქვს, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავისა და იმ პირთა წინააღმდეგ, რომელთა წრესაც განსაზღვრავს კანონი).”
ადვოკატი ასევე განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია როგორც ბრალდებულმა ისე ბრალმდებელმა იცოდნენ საკუთარი უფლებები და მოვალეობები.
,,ბრალდებულს არ აქვს ვალდებულება საგამოძიებო მოქმედებებში მიიღოს მონაწილეობა საკუთარი თავის საზიანოდ. მან უნდა იცოდეს, რომ თითოეული სიტყვა, რომელსაც ახლა იტყვის ან თითოეული მოქმედება, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას, სამომავლოდ შესაძლებელია მტკიცებულებად იქნეს გამოყენებული სისხლის სამართლის პროცესზე, სადაც მისი ბრალდების საქმე განიხილება. შესაბამისად არის რისკი, რომ ჩვენება, რომელსაც მისცემს ან საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას, მომავალში, სასამართლო პროცესზე, მასვე დაუბრუნდება საწინააღმდეგოდ. სწორედ აღნიშნულის შესახებ ბრალდებული ინფორმირებული უნდა იყოს დაკავებისთანავე. რათა მან შეძლოს საადვოკატო მომსახურეობის მიღება და საკუთარი თავის ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობა.
ყოველთვის კარგია, როდესაც ჭეშმარიტების დადგენაში იღებ მონაწილეობას. იმისათვის, რომ ადამიანს დავეხმაროთ და ჩვენება მივცეთ მის სასარგებლოდ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენების მიცემა “საშიში” არ არის და შენ ამისათვის “შარში არ აღმოჩნდები”, როგორც, სამწუხაროდ, წარმოდგენილი აქვს საზოგადოების უმეტეს ნაწილს. ეს ყველაფერი კი სამართლებრივი ცნობიერების ნაკლებობით არის გამოწვეული.
ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ხშირად იწერებოდეს მსგავსი სახის ინფორმაციული სტატიები და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენების მიცემისას, განსაკუთრებით თუ ეს ვინმეს დახმარების მიზანს ემსახურება, კარგად უნდა იცნობდე საქმის გარემოებებს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ რეალურად მომხდარი ფაქტი და სამართლებრივად არსებული გარემოებები, რადგანაც ისინი, ყოველთვის ერთი და იგივე არ არის. ხშირად ერთი რომელიმე ისტორიიდან სამართლებრივი მნიშვნელობის შესაძლოა იყოს მხოლოდ ორი ან სამი ეპიზოდი, დანარჩენი კი ცხოვრებისეული გამოცდილებაა, რომელსაც, მორალურ დონეზე, შესაძლოა საკმაოდ დიდი ღირებულება ჰქონდეს, მაგრამ სამართლებრივ არგუმენტს არ წარმოადგენდეს. ამიტომ აუცილებელია, რომ ჩვენების მიცემამდე ზუსტად იცოდე, ერთის მხრივ, კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სამართლებრივი გარემოებები, და მეორეს მხრივ შეძლო შენს ხელთ არსებული ინფორმაცის სამართლებრივად გაანალიზება და გადაწყვიტო, რა არის ის მნიშვნელოვანი დეტალი, რომელსაც სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს და საქმეში არსებულ სხვა ინფორმაციასთან ერთად, შენთვის მნიშვნლოვანი პიროვნებისათვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ადვოკატთან კონსულტაცია, რათა თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი სახის სამომავლო გართულება. შენს მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია კი იყოს სამართლებრივად სწორი და დაეხმაროს სასამართლოს ჭეშმარიტების დადგენაში”,- აცხადებს რუსუდანი.
რუსუდანი ამბობს, რომ ადვოკატის პროფესია საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი პროფესიაა.
,,ადვოკატობა ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა. ამ დროს ადამიანი სრულიად განდობს საკუთარ თავს და სისხლის სამართალში, ძირითად შემთხვევაში, ეს ნიშნავს, რომ ის განდობს მისი მომავალი ცხოვრების წლებს. ამიტომაც, ადვოკატმა, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გაიაზრო შემდეგი: საქმეზე მუშაობისას შენ მუშაობ არა ჩვეულებრივ, რიგით ფურცლებთან, მასალებთან ან უსულო დოკუმენტებთან, არამედ შენი მუშაობა უკავშირდება ადამიანის მომავალს, მის ოჯახს, მშობლებს, შვილებს და ა.შ. შენი მუშაობა ვერასდროს ვერ იქნება რუტინულად პროცესზე მისვლა და წამოსვლა. ადვოკატობა ყოველთვის დაკავშირებულია ემოციებთან, სხვისი გასაჭირის გაზიარებასთან, სხვისი პრობლემის გულთან ახლოს მიტანასთან და მისი დახმარების სურვილთან. მას შემდეგ, რაც შენი პროფესიის მნიშვნელობას გაიაზრებ და შეისისხლხორცებ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებ შენი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უფლებების ეფექტურად და სრულყოფილად დაცვას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ დაწესებულებაში”,- აცხადებს რუსუდან აგურაშვილი.