გაიცანით 80 წლის ქალი, რომელიც კისისხევში ჩასულ ტურისტებს კულინარიულ მასტერკლასებს უტარებს
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, „ძმები ხუციშვილების ღვინის მარანში“ ტურისტებს 80 წლის თამარ რამაზაშვილი კულინარიულ მასტერკლასებს უტარებს.
მარნის დამფუძნებელი, გელა ხუციშვილი აცხადებს, რომ მისმა დედამ, პედაგოგიური საქმიანობის შემდეგ, რომელიც 50 წელს ითვლის, გადაწყვიტა, შვილების ბიზნესში აქტიურად ჩართულიყო და გარდა ქართული ტრადიციული კერძების მომზადების სწავლებისა, სტუმრებისთვის რეგიონის ტურისტულ პოტენციალიც გაეცნო.
გელა ხუციშვილის თქმით, საოჯახო ტრადიცია, როგორც არის ქვევრის ღვინის წარმოება, 2015 წელს ბიზნესად იქცა, მოგვიანებით კი, საოჯახო ტიპის სასტუმროც დაემატა, სადაც მთავარი მასპინძელი, თამარ რამაზაშვილია.
„2015 წელს მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ ოჯახური ტრადიცია ბიზნესად გვექცია და ჩვენს მიერ წარმოებული ღვინო გავიტანეთ საზღვარგარეთ ექსპორტზე. ამაში დიდი წვლილი დედაჩემსაც მიუძღვის და დიდი სიამაყით ვუყურებ ხოლმე, ამ წლოვანების ქალბატონი, ასე აქტიურად რომ არის ჩართული, ასწავლის სტუმრებს, კულინარიულ მასტერკლასებს უტარებს. ტურისტებიც აღფრთოვანებას ვერ მალავენ, რადგან ასეთი წლოვანების ადამიანთან ურთიერთობა აქვთ და პრინციპში, ცხოვრებისეულ გამოცდილებას იზიარებენ“,- აღნიშნა გელა ხუციშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში.