ყვარელში, მდინარე დურუჯის ხეობის გეოლოგიური და გეოდინამიკური პირობების შესწავლა იგეგმება
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ქალაქ ყვარლის უსაფრთხოების მიზნით, მდინარე დურუჯის ხეობის გეოლოგიური და გეოდინამიკური პირობების შესწავლას გეგმავს, რაც შემდგომში ხეობაში ღვარცოფული პროცესების თანამედროვე მონიტორინგის და შეტყობინების სისტემების მოწყობის საფუძველი უნდა გახდეს.
აღნიშნულ სამუშაოებს კი სააგენტო საერთაშორისო გამარტივებული შესყიდვის წესით საკონსულტაციო კომპანია „გერმანულ სამთო ტექნოლოგიებს“ (DMT) დაუკვეთავს, რომელსაც ამ სფეროში დიდი გამოცდილება გააჩნია. გარიგების ბიუჯეტი კი 37 000 ევროა.
მდინარე დურუჯის ხეობა ცნობილია კატასტროფული ღვარცოფული პროცესების ხშირი განმეორებადობით, რაც საშიშროებას უქმნის ყვარელს და აქ არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს.
,,ყოველი წვიმის დროს მდინარის ხმა გვესმის,გვეშინია, რომ ისტორია კიდევ არ განმეორდეს და წყალი არ გადმოვარდეს. მდინარის კატასტროფების ისტორია დღემდე გახსოვს და გვეშინია. მთავრობა ამ საკითხს ყურადღებას უნდა აქცევდეს და სიფრთხილით ეკიდებოდეს,მითუმეტეს ამდენი სტიქიური უბედურება დაგვატყდა თავს”,- აცხადებენ ყვარელში მცხოვრებლები.
ისტორიული მონაცემებით, 1899 წლიდან 1978 წლამდე, დურუჯის ღვარცოფულმა ნაკადებმა 200-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ხეობაში არსებული ღვარცოფსაწინააღმდეგო და ნაპირსამაგრი კონსტრუქციების (რომლებიც პერიოდულად გამოდის მწყობრიდან) მიუხედავად, ღვარცოფული პროცესების მაღალი საშიშროება დასახლების და ცენტრალური საავტომობილო გზის მიმართ კვლავ ნარჩუნდება.
არსებული ინფორმაციით, ხეობაში აკუმულირებულია რამდენიმე ათეული მილიონი კუბური მეტრი ღვარცოფმაფორმირებლი მყარი ნატანი. აქედან გამომდინარე, შეძლებისდაგვარად უმოკლეს პერიოდში, აუცილებელია ხეობაში მოეწყოს თანამედროვე მონიტორინგის და შეტყობინების სისტემები, რათა დაცული იქნას ქ. ყვარლის მოსახლეობა და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაკვირვებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაზრდილია ხეობის სათავეებში ამგები ქანების გამოფიტვის ხარისხი, რაც ხელს უწყობს ხეობის კალაპოტში ნაშალი მასალის სწრაფ აკუმულაციას.
შესაბამისად, ხეობაში უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში, დიდია აკუმულირებული მყარი ნატანის დინამიკაში მოსვლის და მძლავრი ღვარცოფული ნაკადების ფორმირების ალბათობა, რამაც შესაძლოა კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
2023 წლის მდგომარეობით, ღვარცოფული პროცესების საშიშროება მკვეთრად გაზრდილია, რადგან მყარი ნატანის დაგროვების შედეგად აწეულია კალაპოტის ნიშნული, ხოლო გამოფიტვის და ნაშალი მასალის დაგროვების ინტენსივობა თითქმის გაორმაგებულია წინა წლებთან შედარებით.
ამას ემატება ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით და შესაბამისად კახეთის მხარეში ატმოსფერული ნალექების (თავსხმა წვიმების) ინტენსივობის მკვეთრი ზრდა, რომელიც აუცილებლად მოიყვანს დინამიკაში, ხეობაში აკუმულირებულ ღვარცოფმაფორმირებლ მყარ მასალას, თავისი უარყოფითი შედეგებით.
როგორც სახელმწიფო შესყიდვების საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, DMT იღებს ვალდებულებას კვლევები განახორციელოს შემჭიდროებულ ვადებში, ასევე დაგეგმოს მონიტორინგის და შეტყობინების სისტემების დიზაინი.
როგორც მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი გივი გავარდაშვილი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე თბილისში, 15-18 სექტემბერს, კონფერენცია “ბუნებრივი კატასტროფების პროგნოზირება და რისკების შემცირების ინოვაციური ღონისძიებები” გაიმართა, რომელიც გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) 2022-2023 წ.წ. “მონაწილეობის პროგრამის” ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.
პროექტის მიზანი კი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიისა და რისკების მართვის გეგმის დანერგვა, ამასთან ინოვაციური მიდგომების პრაქტიკაში გადატანაა.
“ჩვენმა ორგანიზაციამ „გარემოს დაცვის ეკოცენტრმა“ გაიმარჯვა იუნესკოს გრანტში,თემაზე ,,მოწყვლადი ინფრასტრუქტურის რისკების შეფასება კრიტიკული მდგომარეობისა და რისკების პორტფოლიოს ანალიზის (CAPRA) მოდელის გამოყენებით.
არაერთი პროექტი დამუშავდა პირველ ეტაპზე, ხოლო მეორე ეტაპზე ვგეგმავთ ყვარელში, მდინარე დურუჯის ღვარცოფების რეგულაციის კუთხით, რაც ასევე ინოვაციური კონსტრუქციების დაპროექტებას გულისხმობს. ეს პროექტები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ზრდის მოსახლეობის უსაფრთხოებას ღვარცოფებისგან დაცვის მიზნით”-აცხადებს გივი გავარდაშვილი.
მდინარე დურუჯის მიერ გამოწვეული კატასტროფების ისტორია
დურუჯის ისტორია ადგილობრივების მეხსიერებაში დიდ ტრაგედიებს უკავშირდება, რის გამოც ყოველ გაწვიმებას ყვარელში მოსახლეობა შიშით ხვდება.
დურუჯმა ყვარელი პირველად 1832 წელს დაანგრია. შემდგომი ძლიერი წყალმოვარდნები იყო 1889, 1904, 1949, 1990, 2002 წლებში. წყალმოვარდნების მასშტაბზე ერთ-ერთი ასეთი კატასტროფის დროსა ჩამოტანილი ქვაც მეტყველებს, რომლის წონაც 140 ტონაა.
1904 წელს ღვარცოფმა და მდინარის მიერ ჩამოტანილმა ქვა-ღორღმა მთელი ქალაქი წალეკა და სახლებიდან აკვნიანი ბავშვები გაიტაცა. აი, რას ჰყვება ამ უბედური შემთხვევის მომსწრე, იური მიხეილის ძე ჭავჭავაძის მეუღლე, ელენე ჭავჭავაძე:
“ერთ დილით საშინლად ჩამობნელდა, შავი ღრუბლები მთლად დაბლა ჩამოწვა, შვიდი საათი იქნებოდა, ერთბაშად დაიწყო საშინელი წვიმა, გეგონებოდათ კოკებიდან ასხამენო, ატყდა ჭექა-ქუხილი, გაისმა ხალხის საშინელი ყვირილი, წყლის მაგივრად რაღაც ტალახი მოგორავდა, თან მოაგორებდა დიდრონ ქვებს და ხალხი გამორბოდა მთლად ტალახში ამოსვრილი, საშინელი ქარი ანგრევდა იქაურობას, ნახევარი სოფელი მთლიანად მოისპო, ჩვენი მხარე გადარჩა”,-იხსენებენ ადგილობრივები.
1906 წელს დურუჯზე ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დამცავი დამბები აშენდა, რაც ქალაქს 1949 წლამდე იცავდა. 1949 წელს მოვარდნილმა დურუჯმა მთელი საბჭოთა კავშირი შეძრა. ღვარცოფი თავს დაატყდა ყაზარმას, რომელშიც ბერლინის აღებაში მონაწილე სამხედრო საავიაციო ნაწილი იყო განლაგებული. სულ რამდენიმე წუთის განმავლობაში სტიქიამ 56 ადამიანის, მათ შორის 54 პილოტის სიცოცხლე იმსხვერპლა.
საბჭოთა ხელისუფლებამ დურუჯზე 5,5 კილომეტრი სიგრძის, 7 მეტრი სიმაღლის და 2 მეტრი სიგანის ტრაპეციის ფორმის კედელი და მისი საძირკვლის დამცავი ნაგებობები ააშენა. დაიწყო სისტემატური გამწმენდი სამუშაოები, რაც ყოველწლიურად ნახევარი მილიონი მანეთი ჯდებოდა. გამწმენდი სამუშაოები 90-იან წლებში შეწყდა.
რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, მდინარე დურუჯის კალაპოტი 2018 წელს გაიწმინდა. მდ. დურუჯი ქალაქ ყვარელში მიედინება. მაშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებდნენ, რომ მდინარის კალაპოტი 20 წელზე მეტია არ იყო გაწმენდილი, რის გამოც დურუჯის ზემო დინებაში პერიოდულად იქმნებოდა ღვარცოფი და მთებიდან გამოქონდა დიდი რაოდენობით ტალახად ქცეული მყარი მასალა, რაც დატბორვის საფრთხეს უქმნდა ქალაქს.
სამუშაოების ფარგლებში დურუჯის კალაპოტი გაიწმინდა დიდი რაოდენობით დაგროვილი მყარი მასალისგან და გატარდა ღვარცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებები. ადგილობრივები აცხადებენ, რომ გასულ წლებში მდინარე რამდენჯერმე ადიდდა, ხეობაში კი იყო მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევებიც.
სპეციალისტები აცხადებენ, რომ კახეთის რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მდინარე დურუჯია. მათი თქმით, მდინარის კალაპოტში დაგროვილმა ქვებმა თუ ქვიშამ, ღვარცოფის შემთხვევაში, ყვარელს შესაძლოა უფრო დიდი ზიანი მიაყენოს.