სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოხმარების მაჩვენებელი კახეთში დაბალია
სტიქიისგან განადგურებული ვენახები, ბაღები და მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა – ეს კახეთში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგებია.
სტიქიამ, კახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ძლიერმა სეტყვამ გაანადგურა ვენახები, ხეხილის ბაღები და აგრო კულტურები. წვიმამ დატბორა საცხოვრებელი სახლები. ქარმა კი დაგლიჯა ასწლოვანი ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დღესაც დააზარალა. სეტყვამ და ქარმა სოფელი კაბალი, გურგენიანი და ბაისუბანი დააზიანა. დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები. სანიაღვრე არხებმა კი უხვი ნალექი ვერ გაატარა და დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო.
,,ცუდი ამინდი 15-20 წუთს გაგრძელდა. მოგლეჯილია ხეები, წყალი შემოგვივარდა სახლებში, ეზოებში და ნაკვეთებში. დაისეტყვა ყველაფერი, განადგურდა. ძალიან კარგია დამცავი ბადეები გვქონდეს, მაგრამ ძვირი ჯდება, ხალხს არ აქვს ამისი საშუალება. კარგი იქნება მთავრობა დაგვეხმაროს და ბადეების საკითხთან ერთად დაზღვევის მიმართულებითაც დაგვეხმაროს”.
დარგის სპეციალისტები სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეების აუცილებლობაზე საუბრობენ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, უნდა გაუმჯობესდეს აგროდაზღვევის პირობები და წახალისდეს ბადეების შეძენა.
,,დღეს დანერგე მომავალში არის კომპონენტი, რომელიც ახალისებს ბადეების შეძენას, მაგრამ ეს არის 10%-იანი თანადაფინანსება, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ბადეები საკმაოდ ძვირი ღირს. 1 ჰა-ზე 10 ათასი ლარი ღირს მხოლოდ ბადე, მერე მისი მოწყობისთვის სხვა საშუალებებია საჭირო, ინფრასტრუქტურა, ასევე ყოველწლიურად მოხსნა-აწყობა, რაც საკმაოდ ძვირი გამოდის. ბადეების მოწყობის კუთხით ფერმერების მხრიდან მზაობა არის, როგორც სურვილის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა 10%-იანი თანადაფინანსება ამის საშუალებას არ იძლევა“.
„აგრობადეს“ დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე ყურადღებას დამცავი ბადის აუცილებლობაზე ამახვილებს. ამბობს რომ მევენახეები დამცავ ბადეებს არ იყენებენ რაც პრობლემებს ქმნის.
,,დამცავი ბადე აუცილებელია. ასეთი ბადეები მარტო სეტყვისგან არ იცავს, ჩიტებისგან, მწერებისგან, ყინვისგან, ქარისგან და მზისგანაც იცავს”.
სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში 2015 წლიდან 2023 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში 19 ბენეფიციარს გაუფორმდა 23 ხელშეკრულება.