ახალი ამბები

მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება – შსს

მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი ახლებურად გაიწერება, – აღნიშნულს გულისხმობს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი, რომლის ავტორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა.

კერძოდ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ცვლილების მიზანია გაუმჯობესდეს მეხანძრე-მაშველთა სოციალური გარანტიები.

„კანონპროექტით, ახლებურად გაიწერება მეხანძრე-მაშველთა კომპენსაციის გამოთვლის წესი და წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ 2005-2015 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ნამსახურობა.

გარდა ამისა, დღეს მოქმედი კანონმდებლობა შეიცავს გარკვეულ ხარვეზებსა და ბუნდოვან ჩანაწერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილი პირების სახელმწიფო კომპენსაციების გამოთვლის წესებთან დაკავშირებით, რაც პრაქტიკაში ნორმების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის საფუძველს ქმნის.

პროექტის მიზანია, ნათელი, განჭვრეტადი და ერთგვაროვანი ჩანაწერები დადგინდეს სახელმწიფო კომპენსაციის გამოთვლის წესებთან დაკავშირებით. მათ შორის, მნიშვნელოვანია, გაიწეროს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნილ პირს, კალენდარულ წელთა ნამსახურობაში, გარდა სამინისტროს სისტემაში სამხედრო და სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, ჩაეთვლება ნებისმიერ სახელმწიფო დაწესებულებაში სამხედრო წოდებითა და სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურობა,“- ვკითხულობთ კანონპროექტში.