ახალი ამბები

როზმარინუსი- გაიცანით ახალგაზრდა თელავიდან, რომელიც თავის მოვლის საშუალებებს ამზადებს

25 წლის მარიამ ბალიაშვილი 6 სახის თავის მოვლის საშუალებებს, როზმარინის ზეთს, თმის შრატს, თმის კარაქს, რუჯის ზეთს და ტანის სკრაბს ამზადებს. ახალგაზრდა ამბობს, რომ საქმიანობის დაწყება საკუთარი და სხვა მომხმარებლებისთვის პრობლემების მოსაგვარებლად, 11 თვის წინ დაიწყო.

მარიამ ბალიაშვილმა შექმნა ბრენდი ,,როზმარინუსი’’, გააკეთა ონლაინ მაღაზია და დაიწყო საკუთარი ხელით დამზადებული თავის მოვლის საშუალებების გაყიდვა.

,,დავამთავრე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტი. ამჟამად  არსად არ ვმუშაობ. მყავს 1.6 წლის შვილი და მაქვს ჩემი მცირე ბიზნესი. ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, თუმცა დავიბადე და გავიზარდე თელავში. ბავშვი რომ გავაჩინე დამეწყო საშინელი თმის ცვენა, დავიწყე ნატურალური პროდუქტების ძიება და მივაგენი უმარავ კარგ საშუალებას და ფორმულას.

ზუსტად 11 თვის უკან შევქმენი როზმარინუსი – ონლაინ მაღაზია, სადაც დავიწყე ჩემს მიერ დამზადებული პროდუქტების გაყიდვა. პირველი 1-2 თვე არ მქონდა გაყიდვა, არც ვაქტიურობდი რომ გამეყიდა, რადგან დამარწმუნეს, რომ არაფერი გამომივიდოდა, მსგავსი საქმით უკვე უამრავი ადამიანი იყო დაკავებული.

2 ოქტომბერს იყო ქალი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და სრულიად უცხო ადამიანმა მომწერა მონაწილეობა მიმეღო. მან დამარწმუნა, რომ ძალიან კარგი შანსი მქონდა ყველაფერი გამომსვლოდა. მივიღე მონაწილეობა და ბევრი დაინტერესდა ჩემი პროდუქციით’’,- განუცხადა knews.ge-ს მარიამ ბალიაშვილმა.

ახალგაზრდა ამ დროისთვის როზმარინის ზეთს , თმის შრატს , თმის კარაქს , რუჯის ზეთს და ტანის სკრაბს ამზადებს. მისი განმარტებით, მისი პროდუქცია ადამიანის სხეულს და თმას გაჯანსაღებაში ეხმარება. მარიამი ასევე აცხადებს, რომ მოთხოვნა ძირითადად როზმარინის ზეთზეა.

,,ჩემი პროდუქცია მოიცავს ამჟამად 6 სახის პროდუქტს: როზმარინის ზეთს, თმის შრატს, თმის კარაქს, რუჯის ზეთს და ტანის სკრაბს. ჩემი პირველი პროდუქტი იყო როზმარინის თმის ზეთი. ჩვენი სახელიც ზუსტად აქედან მომდინარეობს ,,როზმარინუსი’’, რომელიც ლათინური სიტყვაა და ზღვის ნამს ნიშნავს. ჩემთვის ეს საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უამრავ ადამიანს ვაბედნიერებ, ვეხმარები გაიჯანსაღოს თმა და სხეული, გამოიყენოს სუფთა ნატურალური და ვეგანური პროდუქტი.

პროდუქტის ზეთების დამზადების შემთვევაში, 4-5 საათი გვჭირდება დასამზადებლად, ხოლო კარაქის შემთხვევაში სრული 1 დღე, რადგან უამრავ პროცესს მოიცავს. მოთხოვნა ძირითადად როზმარინის ზეთზეა და შეკვეთებს სოციალური ქსელებიდან ვიღებთ. ძირითადად ინტერესდებიან ქართველი მომხარებლები, თუმცა ემიგრანტებსაც ვუგზავნით. შეკვეთას ვაწვდით კურიერით ან ფოსტით. თელავში შეკვეთის შემთხვევაში უფასოდ ვაწვდით შეკვეთას კლიენტს’’,- აცხადებს მარიამი.

ახალგაზრდა ამბობს, რომ მოთხოვნის ზრდა მისმა სოციალურ ქსელებში  გააქტიურებამ გამოიწვია. ის ინტერნეტის საშუალებით არამარტო პროდუქტს ყიდის, არამედ შექმნა ჯგუფი, სადაც თავის მოვლის საშუალებების დამზადებას ყველა მსურველს ასწავლის.

ის აცხადებს, რომ ახალგაზრდებს ამით დასაქმების საშუალებას აძლევს.

,, ჩემს პროდუქციაზე მოთხოვნა თავდაპირველად არც ისე მაღალი იყო ცხადია, რადგან მომხმარებელი არ იცნობდა ბრენდს. თავდაპირველად მოთხოვნის უცაბედი ზრდა გამოიწვია ჩვენი ტიკტოკის ვიდეოებმა. შემდეგ გაიზარდა მოთხოვნა და ვცდილობ იმდენი შეკვეთა მივიღო, რომ დამზადებაც მოვასწო. ვმუშაობ მხოლოდ მე: პროდუქტზე, დიზაინზე, მარკეტინგზე, რეკლამირებაზე და სოციალური მედიის მართვაზე.

ერთ-ერთ ჯგუფში ერთ გოგონას დავუკომენტარე ჩემი საქმიანობის შესახებ და კომენტარის ქვეშ უამრავ ადამიანს გაუჩნდა სურვილი გამეზიარებინა ცოდნა. ამიტომ ჩატი გავაკეთე და ყველა დავამატე. შემდეგ ისე გაიზარდა მსურველთა რიცხვი, რთული გახდა კომუნიკაცია.

ამჟამად გვაქვს  ჯგუფი სადაც 189 წევრია . მათ ვუზიარებ ყველა სახის ცოდნას რაც ვიცი და რასაც ვსწავლობ თეორიულად და პრაქტიკულად.

მასალებს ძირითადად საქართველოს ბაზარზე ვყიდულობ როგორც ქილებს, ასევე ყველაფერს რაც პროდუქტის დასამზდებლად მჭირდება. ავღნიშნავდი ერთ საწარმოს ,,ხახაბო”, საიდანაც ვყიდულობ ტკბილი ნუშის ზეთს. თუ რამე მჭირდება რაც აქ ვერ ვიშოვე, მაგ შემთხვევაში ვიწერ თურქეთიდან.’’

ახალგაზრდა სამომავლო გეგმებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ გეგმაში აქვს მცირე ფართის მოძიება, ადამიანების დასაქმება და დეკორატიული კოსმეტიკის გამოშვება.

,,მომავალში ვაპირებ ვიზაჟისტად მუშაობას და ძალიან მინდა დეკორატიული კოსმეტიკის გამოშვება. გეგმაში მაქვს ასევე პატარა ფართის ქირაობა. თითოეულ დასაქმებულს, ვისაც დავასაქმებ მომავალში, მე შევასწავლი ყველაფერს. ამისთვის უბრალოდ დრო მჭირდება და ფინანსები’’,- აღნიშნავს მარიამი.