In vino veitas? ღვინოშია ჭეშმარიტება?- ბლოგი
ცნობილია, რომ ოდითგანვე საქართველო ღვინის სამშობლოს სტატუსით სარგებლობს.
ნეოლითის ხანით დათარიღებული ფაქტები ამ მოსაზრებას უფრო ამყარებს. მარნეულის ველზე, გორას ნასახლარში, არქეოლოგებმა ყურძნის წიპწა აღმოაჩინეს, რომელიც ვაზის სახეობა Vitis Vinifera Sativa-ს მიაკუთვნეს. ჩვენი სამშობლოს ღვინის ქვეყანად წარმოჩენა თითოეული ქართველისთვის საამაყოა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ხშირად ვაწვდით ამ ინფორმაციას, როგორც საქართველოს ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს. ღვინო, ისტორიის განმავლობაში ჩვენი თანმდევია, ვქმნით მასზე სიმღერებს, ლექსებს და ,,სიცოცხლის ელექსირსაც’’ კი ვუწოდებთ.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ღვინის დალევის კულტურა ნაკლებად გვაქვს. რისთვის ვსვავთ? სიამოვნებისთვის და ბახუსისთვის და გასალეშად. მართალია, ღვინის ეტიკეტზე არ არის დატანილი დანიშნულება და მიღების რაოდენობა, თუმცა მაინც, მე მგონია, ღვინო აზრების ურთიერთგაცვლის და ადამიანთა დაახლოვების ერთ-ერთი გზაა. მაშინ, როდესაც ღვინოს ქრისტეს სისხლად მივიჩნევთ და სიწმინდედ მოვიაზრებთ, არ უნდა ვაქციოთ რწყევის და უკან ამონთხევის დანიშნულებად. ბოლომდე დაცლას და დალევას სუფრის კულტურად მივიჩნევთ და თამადებიც მაღალფარდოვანი სიტყვებით მოგვიწოდებენ არ დავკარგოთ ,,ხელი-ხელ ნაგოგმანები’’ კულტურა.
იქნებ ეს იმის ბრალია რომ არც მოსმენის კულტურა გვაქვს? მოგისმენით მთვრალი ადამიანების საუბარი, რაზე საუბრობენ? არაფერზე. ყველამ რაღაც იცის, სხვაზე მნიშვნელოვანი და ხმის გადაფარვით, ცდილობენ მიაწოდონ ეს ინფორმაცია, ბოლოს აღმოჩნდება, რომ ამ ამბავს დასასრული არ აქვს, ისევე როგორც კოცნას…უკოცნია თქვენთვის მთვრალს?…საზიზღრობაა. ერთი ჭიქა ღვინის ყოველდღიურობაში გადმოტანა ცუდი არ იქნებოდა, რადგან ის ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო და იქნებ ვიპოვოთ კიდეც ის ჭეშმარიტება, რომელსაც ცხოვრებაში ვეძებთ.