ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და ამ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.
„ქართული ენისა და ლიტერატურის მაქსიმალური ქულაა 60. აბიტურიენტს ეს საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ ქულათა გათანაბრების შემდეგ მისი ქულა გახდება ამ საგნისათვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტი. მნიშვნელოვანია, რომ გათანაბრების შედეგად ზღვრის გადალახვის შანსს ინარჩუნებენ ის აბიტურიენტებიც, რომელთა პირველადი ქულა მინიმალური კომპეტენციის ზღვარზე ნაკლებია, მაგრამ მასთან ახლოსაა.
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეტაპობრივად, ნაშრომების გასწორებისთანავე გამოაქვეყნებს აბიტურიენტთა პირველად შედეგებს სხვა საგამოცდო საგნებშიც“, – აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.