ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრებულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი საზოგადოებას შეახსენებს, რომ ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრებულია.
როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანისთვის ჯარიმა 1000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 4 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„მანკიერი პრაქტიკაა სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გადაწვა, როდესაც მოსავლის აღების შემდეგ გლეხები პირდაპირ ცეცხლს უკიდებდნენ ნარჩენებს ან კარ-მიდამოს დასუფთავებას ისევ ცეცხლით ვცდილობთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. კანონმდებლობით, წელს მსგავსი საქმიანობა აიკრძალა და სანქციებიც გამკაცრდა ზოგადად, ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად ხანძრის წარმოშობის შემთხვევაზე. ადმინისტრაციული ჯარიმა 200 ლარიდან 500 ლარამდეა, თუმცა ყველა შემთხვევაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ხდება გარემოსთვის მიყენებული ზიანის გაანგარიშება. თუ ეს თანხა 1000 ლარს აღემატება, ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება, რომელიც 4 წლიდან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
როგორც მან განმარტა, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევაა ტყეში ნარჩენების დატოვება, რომელმაც შემდეგ, მაღალი ტემპერატურის პირობებში თვითაალება შეიძლება გამოიწვიოს.
„ზოგადად, ყოველ წელს, დაახლოებით, 80-დან 100 შემთხვევაზე მეტიც გვქონია. ხანძრით მოცული ფართობი 1500 ჰექტარიც და მეტიც ყოფილა, თუმცა, საბედნიეროდ დღემდე ისეთი მასშტაბური ხანძარი, რომელსაც ტყის კარგვა და ხე-მცენარეების სრული განადგურება მოჰყვა, ბოლო 10 წელიწადში მხოლოდ 8 შემთხვევაში გვქონდა“, – განაცხადა იორდანიშვილმა.
ამასთან, მისი თქმით, ტყეში ხანძრების გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანის დაუდევრობაა.
“98%-ზე მეტ შემთხვევაში, ხანძარი სწორედ თითოეული ჩვენგანის გაუცნობიერებელ ან შეგნებულ ქმედებებს მოჰყვება ხოლმე, თუმცა, ამას ემატება კლიმატის ცვლილება, როგორც გვალვის, ასევე, მაღალი ტემპერატურის მხრივ. მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრ ადგილას არის კრიტიკული წერტილი ტყის ხანძრების თვალსაზრისით. წესები, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითვალისწინოთ, საკმაოდ მარტივია – კოცონი არ უნდა დავანთოთ ხის ქვეშ, განსაკუთრებით წიწვოვან ტყეში. საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი საქმიანობა აკრძალულია. დღეს უკვე არის კოცონისთვის მოწყობილი ადგილები, სადაც ცეცხლის ანთება დასაშვებია“, – განაცხადა ნათია იორდანიშვილმა.