ახალი ამბები

სიღნაღში პროფესიონალური კრივის სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება

22 ივლისს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის თანამშრომლობით, ქალაქ სიღნაღში პროფესიონალური კრივის სარეიტინგო ბრძოლები გაიმართება.

მერიის ინფორმაციით, სულ 12 ორთაბრძოლა გაიმართება, რომლებშიც მონაწილეობას მიიღებენ გამორჩეული პროფესიონალი მოკრივეები საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან, მათ შორის, კრივის საღამოს მთავარ დაპირისპირებებში მეტოქეთა წინააღმდეგ რინგზე გავლენ სიღნაღის საბრძოლო ხელოვნების, კლუბ „მგლების“ (მთავარი მწვრთნელი მიხეილ ბაკაშვილი) მებრძოლები – გოგა კევლიშვილი, გელა თეგაშვილი, აკაკი ფარჯველიანი, გოგა ქავთარაძე და ლევან იანქოშვილი.

ღონისძიებას WBC -სა (მსოფლიო კრივის საბჭო) და EBU-ს (ევროპის კრივის კავშირი) მიერ სერტიფიცირებულ მსაჯთა ბრიგადა გიორგი კობახიძის, გელა სხირტლაძის, დავით ნაზარაშვილის, მერაბ მაისურაძის, თამაზ ქართველიშვილისა და არსენა ყარაგვეზაშვილის შემადგენლობით მოემსახურება.

ღონისძიებას საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი კანდელაკი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი რამაზ ფალიანი, საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ვიცე-პრეზიდენტები ვაჟა კვეზერელი, ლევან ხიტირი და ლელა ადუაშვილი, გენერალური მდივანი ხათუნა არონიშიძე, პროფესიონალური კრივის კავშირის მთავარი მწვრთნელი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი მინდია ნოზაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

საკრივო შოუს ცნობილი შოუმენი და მსოფლიო კლასის ილუზიონისტი გია ფარადაშვილი გაუძღვება. ორთაბრძოლები სიღნაღის ცენტრში, ღია რინგზე, 22 ივლისს, 19:00 საათიდან დაიწყება და მისი პირდაპირი რეპორტაჟი იუთუბის ქართულ საკრივო არხზე – Boxing Season გადაიცემა. ღონისძიების შესახებ ინფორმაციისა და ფოტო-ვიდეო მასალების მოძიება შესაძლებელი იქნება საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე – Boxing Georgia.