ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

ყვარელსა და ლაგოდეხში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

სტიქიამ კახეთის ორი მუნიციპალიტეტი დააზარალა. ყვარელსა და ლაგოდეხში მოსახლეობა ზარალს დილიდან ითვლის.

ყვარელში ქინძმარულის ზონაში ჰექტრობით ვენახია დასეტყვილი. მევენახეების თქმით, განადგურებულია მოსავლის 80%. გარდა ვენახებისა, დასეტყვილია ერთწლიანი კულტურები, მათ შორის საზამთროს და ნესვის ბაღები. ლაგოდეხში კი რამდენიმე სოფელში ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დაზიანებულია 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი. მოგლეჯილია ელექტროგადამცემი ბოძები.

,,ისეთი ძლიერი სეტყვა იყო, ვენახებს ფოთლები აღარ შერჩა. მოსავალი მთლიანად გაანადგურა. მევენახეების უმეტესობას ბანკიდან აქვს აღებული სესხი, რომ ვენახს მოუაროს და მოსავალს ელოდება რომ მერე დაფაროს ვალი. ახლა მოსავალი აღარ მოვა და რა უნდა გავაკეთოთ არ ვიცით”,- აცხადებენ ადგილობრივები.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშილმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან და მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განიხილეს სტიქიის შედეგად შექმნილი პირველადი ვითარება და სამოქმედო გეგმა დასახეს. ორივე მუნიციპალიტეტის სტიქიის ზონაში დილიდან იმყოფებიან მერიების მუდმივმოქმედი ზარალის შემსწავლელი კომისიები და მიმდინარეობს ზარალის შესწავლა.

,,წუხელ გვიან ღამით მოსულმა სეტყვამ და წვიმამ, ლაგოდეხის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში შექმნა პრობლემები. ასევე გზებზე მოძრაობა იყო შეფერხებული, რადგან ქარისგან მოგლეჯილმა ხეებმა ჩახერგა, დაიტბორა საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო მუნიციპალური სამსახურები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და დროულად მოხდა გზების გაწმენდა. ასევე დაზიანებული იყო რამდენიმე საცხოვრებელი სახლის სახურავი. ჩამოვედით, რომ ვნახოთ ადგილზე სიტუაცია და შემდეგ გვეცოდინება ზარალის ოდენობა”,- განაცხადა გიორგი ალადაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, სტიქიამ სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა, თუმცა რა ოდენობის ზარალი მიადგა მოსახლეობას, ამ დროისთვის არ არის ცნობილი. მისი განმარტებით, ზარალის დამთვლელი კომისია და სპეციალური ჯგუფები დილიდან მუშაობენ.

,,სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპლიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სოფლებში საცხოვრებელი სახლები, ასევე სავარგულები. დაკომპლექტდება ზარალის დამთვლელი სპეციალური ჯგუფები და გავალთ სხვადასხვა მიმართულებით, რათა ადგილზე იქნას შესწავლილი ის ზარალი, რაც სტიქიამ მიაყენა მოსახლეობას”,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.