მოსახლეობა- თელავში, ალაზნის გამზირზე, გადაბელვის მიზნით ხეები დააზიანეს- ფოტოები
თელავში, ალაზნის გამზირზე მცხოვრები მოსახლეობა აცხადებს, რომ გადაბელვის მიზნით, ქუჩებზე არსებულ ხეებს ტოტები ისე შეაჭრეს, რომ დაზიანებულია.
მოქალაქეები აცხადებენ, რომ რამდენიმე დღის წინ, აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობისას პროტესტიც გამოთქვეს, რაზედაც მათ უპასუხეს, რომ სამუშაოებს მერიის შესაბამისი სამსახურები, ახლად დამონტაჟებული ლამპიონების გამოსაჩენად ახორციელებენ.
,,დღისით, მზიან დღეს, დგანან და ხეებს ტოტებს აჭრიან. არავინ ფიქრობს შეიძლება თუ არა ასე გადაბელვა და ამ მზეში ტოტების მოჭრით რა ზიანი შეიძლება მიადგეს ხეს. არავინ იცის ამ სამუშაოების განხორციელება შეიძლება თუ არა და როდის არის ხისთვის პერიოდი კარგი მუშაობისთვის. მოვიდნენ, მიყვნენ და მთლიან ქუჩაზე გაანადგურეს ხეები. ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს ამას”, – განუცხადეს knews.ge-ს ალაზნის გამზირზე მცხოვრებლებმა.
აღნიშნულ საკითხზე, Knews.ge-მ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა, მერიაში აცხადებენ, რომ ხდება ხის ვარჯის ფორმირება და ხეს ზიანი არ ადგება. ინტერვიუს მერიიდან და დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულ საკითხზე უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.