ევროკავშირის და UNDP-ის ორგანიზებით ლაგოდეხსა და კაბალში ბავშვებისათვის ქუჩის მხატვრობის მასტერკლასი მოეწყო
გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად ლაგოდეხსა და კაბალში მცხოვრები ბავშვებისთვის ხელოვნების მასტერკლასი მოაწყო.
ქართველი მხატვრის, გამეზას ხელმძღვანელობით ჩატარებულ ღონისძიებაზე ქუჩის მხატვრობის და გრაფიტის სამყაროს გასაცნობად 70-ზე მეტი ბავშვი და მოზარდი შეიკრიბა. საკუთარი შემოქმედების საშუალებით სკოლის მოსწავლეებმა გამოხატეს მოსაზრებები ისეთი ფასეულობების შესახებ, როგორიცაა თანასწორობა, ჩართულობა, სამართლიანობა, დამოუკიდებლად ცხოვრება, ნდობა და ღირსება.
მასტერკლასი ორგანიზებული იყო პროექტის, HumanRights4All, ფარგლებში, რომლის მიზანია ისეთი საზოგადოების შექმნის ხელშეწყობა, სადაც თითოეული ადამიანის უფლებას სცემენ პატივს და იცავენ.