სამინისტრო-მეხორბლე ფერმერებისგან ხორბალს 20-მდე წისქვილკომბინატი იბარებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე აცხადებს, რომ წისქვილკომბინატებში ხორბლის ჩაბარების პროცესი აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
თენგიზ ნასარიძე შპს „ჯეომილის“ წისქვილკომბინატში ხორბლის მიღების პროცესს გაეცნო.
„საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შედეგად შეიქმნა ყველა წინაპირობა, რომ ადგილობრივი წისქვილკომბინატები ამუშავებულიყვნენ და ხორბლის რეალიზებას და დაბინავებას პრობლემა არ შექმნოდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი უკვე აქტიურ ფაზაში შედის და რამდენიმე კვირაში კიდევ უფრო ინტენსიური გახდება. დაახლოებით ოცი ათასი ტონა ხორბალი უკვე ჩაბარებულია. დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში ხორბლის აღება, ფაქტობრივად, დასრულების ფაზაშია. რაიმე სახის შეფერხებებს არ ველოდებით. ტექნიკა სრულად მობილიზებულია და მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს“, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.
შპს „ჯეომილი“ ხორბალს დედოფლისწყაროს, სიღნაღის, მარნეულის, გარდაბნის, ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებს. როგორც კომპანიის ხელმძღვანელი ბესიკ ბეჟაშვილი აცხადებს, დღის განმავლობაში საშუალოდ 250-300 ტონა ქართულ ხორბალს იბარებს.
„საქართველოს მთავრობის მიერ იმპორტირებულ ფქვილზე საიმპორტო საფასურის დაწესების შემდეგ ჩაბარებული გვაქვს დაახლოებით 5500 ტონა ხორბალი; დაახლოებით 2000 ტონა ხორბალი შესანახად გვაქვს მიღებული. პროცესი მიმდინარეობს შეუფერხებლად. ყოველდღიურად დაახლოებით 250-300 ტონა ხორბალს ვიბარებთ. რა თქმა უნდა, სტანდარტების შესაბამის სასურსათო ხორბალზე გვაქვს საუბარი. ხარისხიან ხორბალს ჩაბარების პრობლემა არ აქვს“, – განაცხადა ბესიკ ბეჟაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მეხორბლე ფერმერების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, 5 თვის ვადით, საიმპორტო საფასური დააწესა. გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისს შევიდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ კომპანია „ჯეომილში” არსებული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორიაც დაათვალიერა. აკრედიტებულ ლაბორატორიაში მარცვლეულის ხარისხის საქართველოში დადგენილ სტანდარტებთან შესაბამება მოწმდება.
კახეთის რეგიონში მცხოვრები ფერმერების თქმით, მარცვლეულის მოსავლის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღების დადგენილება გამოსცა, პრობლემები მაინც არ მოგვარებულა. ფერმერებს შარშანდელი მოსავალი ამ დრომდე გასაყიდი აქვთ.
სახელმწიფოს მიერ დადგენილი დროებითი გადასახადის დაწესების შემდეგ, ამ დრომდე შარშანდელი მოსავლის მხოლოდ 10% არის გაყიდული, მოსავლის 90% კი ჯერ ისევ დასაწყობებულია.
შარშან მიღებული მარცვლეულის გაუყიდავ რაოდენობას უკვე ახალი მოსავალიც ემატება, რადგან დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში ალოობა უკვე დაიწყო. რა პრობლემების წინაშე არიან ფერმერები და რა არის გამოსავლის გზები, ამაზე Knews.ge მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს ესაუბრა.
ბენიაიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა პრობლემა ვერ მოაგვარა და ფერმერები ისევ მძიმე მდგომარეობაში არიან. როგორც ის აცხადებს, 1 კილოგრამი მარცვლეული ამ დროისთვის 45 თეთრი ღირს, თუმცა, ამ ფასადაც კი მყიდველი არ ჩანს.
,,რა პრობლემაც ჰქონდათ მემარცვლე ფერმერებს, ისევ იმ პრობლემების წინაშე არიან. არაფერი შეცვლილა და საკითხი ადგილზეა გაყინული. პრობლემაა ის, რომ იმპორტირებული პროდუქტი იაფია, აუცილებელია ყველა სახეობაზე მოხდეს გადასახადის დაწესება. გარდა ამისა, წისქვილები არ იღებენ მარცვლეულს და ფერმერებს შარშანდელი მოსავალი აქვთ გასაყიდი. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღებას მოიცავდა, შარშანდელი მოსავლის 10% ვერ გავყიდეთ. 90% კი კვლავ გასაყიდია. 70 თეთრი უნდა ღირებულიყო შარშანდელი მოსავალი, მაგრამ 45 თეთრი ღირს, ამ ფასადაც არ არის მყიდველი და ამას დაემატა წლევანდელი მოსავალიც. დაიწყო ალოობა და დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ლაგოდეხში. კატასტროფული მდგომარეობაა’’, -განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძე.
ბენიაიძე ასევე განმარტავს, რომ არსებული პრობლემებიდან თავის დასაღწევად და ბანკის ვალების გასასტუმრებლად, ფერმერების დიდი ნაწილი სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვას აპირებს.
პრობლემის მოგვარების მოთხოვნით ფერმერებმა შესაბამის უწყებებს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა როგორც თავად ისევ იგივე პრობლემის წინაშე არიან. აღნიშნული მოთხოვნით ხორბლის მწარმოებლები მორიგ აქციას აანონსებენ. ასოციაციის ცნობით, მარცვლეულის რეალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით, აქცია 14 ივლისს, წნორში გაიმართება.