მიმდინარე სამუშაოების გამო, გომბორის გზის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება
მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გომბორის გზის გარკვეულ მონაკვეთზე, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
,,საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „დაგი+“ აწარმოებს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ27-კმ60 მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რის გამოც, 2023 წლის 10 ივლისიდან 14 ივლისის ჩათვლით 11:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
შეგახსენებთ, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 33.6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომბორის გზა მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. ამ გზით სარგებლობენ, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ისე ქვეყნაში შემოსული ტურისტები. დეპარტამენტში განმარტავენ, რომ გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი.
,,პროექტის შესაბამისად, გათვალისწინებულია გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. ასევე, გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება 2024 წლის შემოდგომზე იგეგმება”,- აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.