ახალი ამბები

კახეთში მცხოვრები მემარცვლე ფერმერები დახმარებას ითხოვენ

მემარცვლე ფერმერები დახმარებას ითხოვენ.

მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ განაცხადა, რომ ხორბლის ჩაბარება თვითღირებულების ფასადაც ვერ ხერხდება, რაც ქმნის იმის საშიშროებას, რომ ფერმერებმა კრედიტების გადახდა ვერ შეძლონ და საქმიანობა და მარცვლეულის თესვა საერთოდ შეწყვიტონ. სახელმწიფოს მიერ დადგენილი დროებითი გადასახადის დაწესების შემდეგ, ამ დრომდე შარშანდელი მოსავლის მხოლოდ 10% არის გაყიდული, მოსავლის 90% კი ჯერ ისევ დასაწყობებულია.

შარშან მიღებული მარცვლეულის გაუყიდავ რაოდენობას უკვე ახალი მოსავალიც ემატება, რადგან დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოში ალოობა უკვე დაიწყო. რა პრობლემების წინაშე არიან ფერმერები და რა არის გამოსავლის გზები, ამაზე Knews.ge მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ნიკოლოზ ბენიაიძეს ესაუბრა.

ბენიაიძე ამბობს, რომ მთავრობის მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა პრობლემა ვერ მოაგვარა და ფერმერები ისევ მძიმე მდგომარეობაში არიან. როგორც ის აცხადებს, 1 კილოგრამი მარცვლეული ამ დროისთვის 45 თეთრი ღირს, თუმცა, ამ ფასადაც კი მყიდველი არ ჩანს.

,,რა პრობლემაც ჰქონდათ მემარცვლე ფერმერებს, ისევ იმ პრობლემების წინაშე არიან. არაფერი შეცვლილა და საკითხი ადგილზეა გაყინული. პრობლემაა ის, რომ იმპორტირებული პროდუქტი იაფია, აუცილებელია ყველა სახეობაზე მოხდეს გადასახადის დაწესება. გარდა ამისა, წისქვილები არ იღებენ მარცვლეულს და ფერმერებს შარშანდელი მოსავალი აქვთ გასაყიდი. მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც იმპორტირებულ ფქვილზე დროებითი გადასახადის შემოღებას მოიცავდა, შარშანდელი მოსავლის 10% ვერ გავყიდეთ. 90% კი კვლავ გასაყიდია. 70 თეთრი უნდა ღირებულიყო შარშანდელი მოსავალი, მაგრამ 45 თეთრი ღირს, ამ ფასადაც არ არის მყიდველი და ამას დაემატა წლევანდელი მოსავალიც. დაიწყო ალოობა და დედოფლისწყაროში, სიღნაღში და ლაგოდეხში. კატასტროფული მდგომარეობაა’’, -განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ბენიაიძე.

მისი თქმით, ამ საკითხს მეტი ჩართულობა და სხვა ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინება სჭირდება.

ნახეთ ასევე ამ თემაზე:

 

ქართული მემარცვლეობის დარგი განადგურების წინაშეა