გრეხილი ავეჯი, მხატვრობა და ხეზე მუშაობა- გაიცანით ხელოვანების ოჯახი თელავიდან
თელავში მცხოვრები ახალგაზრდები, დიმა ორკოდაშვილი და ეთო მუხიგულაშვილი წლებია ხელოვნებით არიან დაკავებული. ახალგაზრდა მხატვრები 7 წლის განმავლობაში, ესპანეთში ემიგრაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი ხელოვნებას თავს არ ანებებდნენ. თელავში დაბრუნების შემდეგ კი აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა განაახლეს.
ოჯახი ხატვის გარდა გრეხილ და ტრანსფორმერ ავეჯსაც აწარმოებს, რომელსაც ადგილობრივ ბაზარზე ყიდის.
ეთო მუხიგულაშვილი, პროფესიით ფერმწერია და ამჟამად თელავში, პროფესიულ კოლეჯში მოსწავლეებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკას, ბატიკას და ქართული ლურჯი სუფრის შექმნას, ანუ დაჩითვას ასწავლის. ეთოს მეუღლე, დიმა ორკოდაშვილი კი პროფესიით კვების ტექნოლოგია. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თავისი პროფესიით მუშაობდა, მერე მიხვდა, რომ ხატვას უნდა დაბრუნებოდა.
როგორც Knews.ge-სთან საუბრისას დიმა ორკოდაშვილი აცხადებს, 7 წლის განმავლობაში ესპანეთში ცხოვრობდა და იქ რამდენიმე პერსონალური გამოფენაც მოაწყო, შემდეგ კი თელავს დაუბრუნდა და ხეზე მუშაობა და ხატვა დაიწყო. ის ამ დროისთვის აქტიურად გრეხილ ავეჯზე მუშაობა და ხატვაა.
,,პროფესიით კვების ტექნოლოგი ვარ, თუმცა ამ პროფესიით ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე. ბევრი პროფესია მიცდია როგორიც არის ლოჯისტიკის მენეჯერი, ფეხსაცმლის დიზაინერი, მეწაღე. ასევე ბევრ ქარხანაში მაქვს ასევე ნამუშევარი, ღვინისა თუ ფეხსაცმლის საწარმოში როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთაც, თუმცა ჩემს ცხოვრების ყველა ეტაპზე ხატვას არ ვანებებდი თავს. ყოველთვის ვახერხებდი მეხატა. ეს ყველაზე კარგი გზაა, რომ ჩაუღრმავდე საკუთარ ფიქრებს. თელავში ვიღებდი გამოფენებში მონაწილეობას და მქონდა პერსონალური გამოფენაც მუზეუმში.
დაახლოებით 7 წელი ვიცხოვრე ესპანეთში აქაც ვიმუშაობდი ძირითადად ფეხსაცმლის ქარხნებში. პარალელურად ვხატავდი და ვერთვებოდი კონკურსებში, მქონდა პერსონალური გამოფენა სერვანტესის სახელობის თეატრში.
თითო ნახატს ხან თვეები ვხატავ, ხან ერთ დღეში ვასრულებ. ისეც ხდება, რომ ერთ ნახატზე მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობთ. ხშირად შეკვეთები მაქვს პორტრეტებზე, მაგრამ ამით ოჯახის რჩენა რთულია. ამიტომ, ფინანსური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, დავიწყე დაწნული ავეჯის წარმოება. ეს ხატვასთან და ხაზვასთან არის პირდაპირ კავშირში და ჩემთვისაც საინტერესოა. ვქმნი განსხვავებულ გრეხილ ავეჯს. ძირითადად საქანელა სავარძლებზე და ტრანსფორმერ ავეჯზე ვმუშაობ. ჩვენს სახელოსნოს და ნაკეთობებს ,,ხვეულა“ დავარქვით. ავეჯზე ძირითადად მოთხოვნა თბილისშია, თუმცა სხვადასხვა რეგიონებიდანაც გვაქვს შეკვეთები და ვგზავნით ფოსტით. თუ შეკვეთა დიდია, თვითონ მიგვაქვს ადგილამდე’’,– განუცხადა Knews.ge-ს დიმა ორკოდაშვილმა.
დიმას მეუღლე, ეთო მუხიგულაშვილი აცხადებს, რომ მხატვრობით და ფერწერით დიდი ხნის წინ დაინტერესდა. ახლა კი საყვარელ საქმეს სტუდენტებს უზიარებს. ის მოსწავლეებს ხატვასთან ერთად ბატიკას, დაჩითვას და შიბორს ასწავლის.
,,დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ვარ ფერმწერი. სამხატვრო აკადემიაში გავიარე კურსები არტ თერაპევტის და ოკუპაციური თერაპევტის მიმართულებით. ახლა ვმუშაობ ჩემივე პროფესიით. მეორე კურსიდან დავიწყე რეპეტიტორობა ხატვაში. დაოჯახების შემდეგ ჩამოვედი თელავში და ჯერ სკოლაში, შემდეგ თელავის უნივერსიტეტში და კოლეჯ ,,აისში’’ ვმუშაობდი. ახლა ვმუშაობ კოლეჯ ,,პრესტიჟში“ და მსურველებს ვასწავლი საკმაოდ საინტერესო პროფესიებს ხატვასთან ერთად, როგორიც არის ბატიკა, დაჩითვა და შიბორი. აქედან ერთ-ერთი არის ე.წ. ,,ლურჯი სუფრის’’ ტექნიკა, რაც ჩემი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი გახდა. ჩვენთვის ხატვა ყოველთვის პირველ ადგილას დგას და დანარჩენი საქმიანობები კი ძირითადად შემოსავლის წყაროა’’,- აცხადებს ეთო.
მისი თქმით, ხატვასთან ერთად, ამ ეტაპზე მისი და ოჯახის ძირითადი საქმიანობა დაწნულ ავეჯზე მუშაობაა.
,,ამ ეტაპზე ჩემი ერთ-ერთი მთავარი საქმიაობა ,,ხვეულას’’ განვითარება და დაწნული ავეჯის რეალიზაცია და პოპულარიზაციაა. გზადაგზა ვსწავლობ ყველაფერს, რაც ნამუშევრების გაყიდვებში დაგვეხმარება. პირადად მაქვს ყველა შემკვეთთან კონტაქტი და ხის დამუშავებიდან დაწყებული ქსოვილის შერჩევით დასრულებული. ხატვით კი იმ დროიდან ვხატავ, რაც ფანქრის დაჭერა ვისწავლე და ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი მომავალი პროფესიაც ეს უნდა ყოფილიყო. ასევე გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი თექაზე, პოლიმერულ თიხაზე, ბატიკის შარფებზე, თხევად მინაზე და სხვადასხვა ტიპის სამკაულებს და სუვენირებს ვამზადებდი. ამ ეტაპზე ძირითადად ვხატავ და ვაკეთებ ტრადიციულ ლურჯ სუფრას.
ძალიან ბევრი გამოფენა მქონდა სხვადასხვა ქალაქებში და სხვადასხვა ქვეყნებშიც ვგზავნიდი ჩემს ნამუშევრებს, მაგრამ თელავში გამოფენა არ გამიკეთებია. გვყავს ორი შვილი მარიამი და ვასილი, რომლებიც სულ ჩვენთან ერთად, სახელოსნოში არიან და ყველაფერში იღებენ მონაწილეობას. ჩვენც ვცდილობთ ჩვენი ცოდნა გადავცეთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენზე უკეთაც გამოსდით ბევრი რამ.’’
ხელოვანები აცხადებენ, რომ სამომავლოდ ერთი ოჯახური გამოფენის მოწყობა აქვთ გეგმაში, სადაც ყველა ნამუშევარს გამოფენენ და საზოგადოებას გააცნობენ.