ახალი ამბები

რა მიმართულებით მუშაობს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მისით სარგებლობა

წლებია საქართველოში ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები მუშაობს, რომლის მიზანია მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. თუმცა როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამები და ქვეპროგრამები, ამაზე მოსახლეობას ინფორმაცია ნაკლებად აქვს. სპეციალისტების განმარტებით, ჯანდაცვის კუთხით მოქმედი პროგრამებით როგორ უნდა ისარგებლოს მოსახლეობამ არ იცის, რაც შემდგომში მათ ჯანმრთელობის პრობლემებს უქმნით.

სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები. პროგრამა ორი მიმართულებით მუშაობს. ესენია: ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა.

პროგრამის პაკეტები პროგრამაში ჩართული კატეგორიების მიხედვით განსხვავებულია. უფრო ზუსტად კი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ: პირები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულია “სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში” და მინიჭებული აქვთ 70 000-დან-100 000 სარეიტინგო ქულა; 6-დან 17 წლის (ჩათვლით) ასაკის პირები; წლიური 40,000 ლარზე ნაკლები და თვიური 1000 ლარი და მეტი შემოსავლის მქონე პირები; თვიური 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე ან სხვ. პირები. ასევე გამოყოფილია მიზნობრივი ჯგუფები, როგორებიცაა ვეტერანები, პენსიონერები, შშმ პირის სტატუსის მქონე ადამიანები. პროგრამის მოსარგებლეს უფლება აქვს თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება, საქართველოს მასშტაბით.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მომსახურებით, ასევე ჩაიტარონ სხვადასხვა სახის გამოკვლევები, მიიღონ გადაუდებელი და ამბულატორიული მომსახურება, ისარგებლონ გეგმიური ქირურგიული ოპერაციების დაფინანსების პროგრამით და სხვა. ეს ასევე მოიცავს ონკოლოგიურ დაავადებათა არაქირურგიულ მკურნალობას, ორსულთა სტაციონარულ მომსახურებას და ინფექციური დაავადებების მართვას. თუ მოქალაქეს ინდივიდუალურად აინტერესებს, რა ტიპის სადაზღვეო პაკეტი ეკუთვნის სახელმწიფოსგან და რა ხარჯებს ითვალისწინებს ის, შეუძლია დარეკოს სამინისტროს ცხელ ხაზზე, 15 05-ზე, და პირადი ნომრის საფუძველზე, პროგრამაში გადაამოწმებენ, კონკრეტულად, რითი სარგებლობა შეუძლია.

უფრო ვრცლად რა პროგრამები მუშაობს, რას მოიცავს აღნიშნული სახელმწიფო პროგრამა და როგორ ხდება მასში ჩართვა, ამაზე Knews.ge-მ ოჯახის ექიმთან, ავთანდილ ყამბარაშვილის კლინიკის ექიმთან ეკატერინე ონიკაძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

-რას მოიცავს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა და როგორ შეუძლიათ მოქალაქეებს მასში ჩართვა?

-ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა ორი მიმართულებით მუშაობს. ეს არის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა. ერთი ეხება ძირითადად ჯანდაცვის, მეორე კი სოციალურ მიმართულებას. ამ პროგრამებზე, გარდა საყოველთაო ჯანდაცვისა, აქ არის იმუნიზაციის და ტუპერკულოზის მართვა და სხვა. სხვადასხვა პრობლემით განსხვავებული ასაკის ადამიანებს სხვადასხვა სახის მომსახურება აქვთ. პროგრამაში სრულად არის გაწერილი რით შეუძლიათ მოქალაქეებს სარგებლობა და რომელი დაავადებებია პრიორიტეტული. ამაში შედის ასევე B და C ჰეპატიტის პროგრამა, ასევე ინსულტის რეაბილიტაციის მართვის, ორსულობის პერიოდის მართვის პროგრამები და ეს ყველაფერი ყოველწლიურად მეტნაკლებად იზრდება. მაგალითად შარშან არ იყო B ჰეპატიტის პროგრამა და დაემატა, შარშანწინ კი არ იყო ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის პროგრამა. ყოველწლიურად ხდება ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა და ემატება ქვეპროგრამები და მომსახურების პაკეტი უფრო ფართოვდება და ემატება ქვე პროგრამები. ამ დროისთვის მოსახლეობის უმეტესობამ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე ასე თუ ისე იცის მეტ-ნაკლებად. ამბულატორიულ მომსახურებაზე ვინც მიდის დაწესებულებაში, ზოგი სტაციონარულ მკურნალობას გადის და იქ აწვდიან ინფორმაციას ამ საკითხზე. ზოგადად დაფინანსების პირობები შეიძლება ზოგმა არ იცოდეს, ამიტომ ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხდება მოსახლეობის ჩართულობა სრულყოფილად. ზოგმა კი არც იცის რა მომსახურება ეკუთვნის. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას რომ თავი დავანებოთ და სხვა ქვეპროგრამებზე ვისაუბროთ, ზოგი მექანიკურად ფინანსდება. მაგალითად დაწესებულებაში რომ მივა პირი, ტუბერკულოზის დადგენის შემთხვევაში, ექიმების მიერ ხდება გადამისამართება.

-რა გამოწვევებია ამ კუთხით რეგიონში და რა როლი აქვთ ამ პრობლემის მოგვარებაში ოჯახის ექიმებს?

-არის ზოგიერთი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც მომსახურების გაწევა შესაძლებელია რეგიონში არ იყოს ხელმისაწვდომი და საჭირო იყოს პროვაიდერის მოძიება. ასეთ შემთხვევებში უფრო იქმნება ხოლმე პრობლემები. ჩვენ ექიმები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნებისმიერ საკითხზე მივაწოდოთ მოქალაქეს ინფორმაცია. გარდა ამისა, როცა მოქალაქე მოვა და ვიცით რომ მას აქვს საჭიროება ამათუ იმ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის, ვიძიებთ და ვაწვდით ამ ინფორმაციას და ვაკვალიანებთ. ასევე საინფორმაციო კამპანებიც მნიშვნელოვანია და ეს საკითხები მუდმივად უნდა შუქდებოდეს.

-ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორია მოქალაქეების ინფორმირების დონე? როგორ ხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით სამიზნე აუდიტორიის ინფორმირება?

-ძირითადად პრობლემაა ხოლმე ის რომ ზოგი სერვისის მიმწოდებელი პროვაიდერი არ არის რეგიონში. მაგალითად ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის სტაციონარული მომსახურება არ არის კახეთში. მე ვარ ოჯახის ექიმი, პარალელურად ადრეული განვითარების სპეციალისტი. სწორედ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თელავში ადრეული განვითარების პროგრამა მუშაობს და ამის ფარგლებში მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე რომ სერვის პროვაიდერები გავაჩინოთ. ჩემი ერთ-ერთი მიზანიც ეს არის, რომ მოვიძიო ამ კუთხით პროვაიდერები და ამაზე ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას. ვმართავთ და ასევე ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის შეხვედრებსა და აქტივობებში და მაქსიმალურად ვცდილობთ მოსახლეობის ინფორმირებას.

ასევე კიბოს სკრინინგის და სხვადასხვა აქტივობების ფარგლებში, ვიყავით ყველა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან: ექიმებთან, ხანდაზმულებთან და სხვა.
საინფორმაციო შეხვედრები ეხება ხოლმე ასევე მუნიციპალურ პროგრამებსაც. როცა მოდის პაციენტი ჩვენთან, რომელმაც სახელმწიფო პროგრამიდან ვერ მიიღო დაფინანსება და თუ ვიცით, რომ მერიას აქვს რამე პროგრამა, მაგალითად შშმ ან ონკოლოგიური მიმართულებით, იქ ვამისამართებთ.

-რა არის საჭირო, რომ მოქალაქეები ჩაერთნენ სახელმწიფო პროგრამაში და როგორ უნდა მიიღონ მათ კონკრეტული პროგრამიდან დაფინანსება?

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას აქვს სხვადასხვა პაკეტები, რომლით მოსარგებლეები არიან პენსიონერები, ბავშვები, ორსულები და სხვა მიზნობრივი ჯგუფები. გარდა ამისა, არის მოსახლეობის ნაწილი, რომელიც არცერთ ჯგუფს არ მიეკუთვნება. ამას საბაზისო პაკეტს ვეძახით. მოსახლეობა ამ შემთხვევაში დაყოფილია შემოსავლის მიხედვით: 200 ლარამდე შემოსავლის მქონედ, 200-დან 1000 ლარამდე და ამ შემოსავლის ზემოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, ვისაც მეტი აქვს შემოსავალი, შეიძლება ვერ ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით. მაგალითად 1000 ლარზე ზემოთ ვისაც აქვს შემოსავალი, გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ ასეთ მოსახლეობას აქვს კერძო დაზღვევა და დაფინანსებას იქიდან იღებენ. გამორიცხულია ადამიანს რომელსაც ეკუთვნის პროგრამიდან დაფინანსება რომ ვერ მიიღოს. მთავარია მოსახლეობამ იცოდეს რომელი პაკეტით შეუძლია ისარგებლოს და როგორ.

ყველაზე ცუდი კიდევ ის არის რომ მოსახლეობამ არ იცის საკუთარი ჯანმრთელობის რისკების შეფასება. რომელ ასაკში რა ჭირდება მას რომ კარგად იყოს ეს არ იცის. მათ ასევე არ იციან რამდენ წელიწადში რა ანალიზი და რა შემთხვევში რა უნდა გაიკეთონ. ამ შემთხვევაში ბევრია ისეთი პროგრამა, რომელიც უფასოა. მაგალითად ძუძუს კიბოს სკრინინგი და სხვა. ერთია როცა რაღაც არ იცის ადამიანმა და მეორეა როცა იცის და ვერ აცნობიერებს ამის საჭიროებას.