არჩევნებიახალი ამბებისტატიები

საარჩევნო გარემოს შეფასება – დარღვევები და გამოწვევები

საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ფარულობა და ზეწოლის ფაქტები რჩება.
,,ღია სივრცე კავკასიას” თავმჯდომარის, ირმა პავლიაშვილის თქმით, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს მოქალაქეებმა უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩიეს. მისი თქმით, კენჭისყრის დღეს, კომპლექსური და სისტემური ხასიათის მექანიზმები გამოვლინდა, რომელმაც გავლენა იქონია შედეგებზე.

,,26 ოქტომბრის არჩევნები არ წარიმართა თავისუფალ და სამართლიან გარემოში. კენჭისყრის დღეს, კომპლექსური და სისტემური ხასიათის მექანიზმები გამოვლინდა, რომელმაც გავლენა იქონია შედეგებზე. არაერთი ფაქტი დავაფიქსირეთ ხმის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის კონტროლის, ძალადობის და მოსყიდვის მიმართულებით. ერთიანობაში ეს დარღვევები ქმნიდა სწორედ იმ გარემოს, სადაც ამომრჩეველს არ შეეძლო თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება.მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ მესამე მხარეების, ჩართული სუბიექტების გარეშე არ მომხდარა ამ ფაქტების ჩადენა. წინასაარჩევნო პერიოდშიც ვსწავლობდით ტენდეციებს, რამაც გავლენა მოახდინა საარჩევნო გარემოზე“.

პავლიაშვილის თქმით, ორგანიზაციამ 200-ზე მეტ უბანზე ისეთი დარღვევები დააფიქსირა, რომ არჩევნების ბათილობას ითხოვენ:
,,1 200 ზე მეტ უბანზე იყვნენ ჩვენი დამკვირვებლები და ყველგან ერთი ტენდენცია, ერთი სახის სქემა იკვეთებოდა, რომელმაც ამ მოვლენებზე მოახდინა გავლენა. ეს იყო ძალადობრივი გარემო, სადაც ამომრჩევლებს უწევდათ მონაწილეობა. მათი ნების კონტროლი არამხოლოდ გარეთ, მიმდებარე ტერიტორიაზე იკვეთებოდა, არამედ უბანშიც, აღინიშნებოდა ფარულობის დარღვევები. იკვეთებოდა ვერიფიკაციის ხარვეზები. მარკირება ან არ ხორციელდებოდა, ან უხარისხო სითხით ხორციელდებოდა. ასევე, მნიშვნელოვანია, გამოვკვეთოთ პირადობების საკითხები. ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა ამომრჩევლების პირადი ინფორმაციის შეგროვება და კენჭისყრის დღეს ვნახეთ არაერთი ამომრჩეველი, რომელიც მონაწილეობდა აიდი ბარათზე ან პასპორტში ჩაკრულისხვა პირის პირადობის ნომრით. ეს ყველაფერი ერთიანობაში ახდენდა გავლენას არჩევნების შედეგებზე, ვინაიდან სიზუსტე აღარ იყო დაცული“.
პავლიაშვილისვე განცხადებით, ორგანიზაციის დამკვირვებლებს მუშაობა მტრულ გარემოში უწევდათ.

,,დამკვირვებლებს ხელი შეეშალათ საქმიანობაში და მათ მიმართ იყო მტრული და ძალადობრივი გარემო. 100-ზე მეტმა დამკვირვებელმა წარმოგვიდგინა, რომ ხელი ეშლებოდათ პროცედურების დაკვირვებაზე. მათ მიმართ სხვადასხვა ძალადობრივი თუ მუქარის შემცველი მესიჯები ვრცელდებოდა და დამოკიდებულება საუბნო საარჩევნო კომისიებში იმგვარი იყო, რომ წარმოუდგენელი იყო ამ მტრულ გარემოში მუშაობა“.

პავლიაშვილისვე განცხადებით, ორგანიზაცია აგრძელებს დაკვირვებას. ის განმარტავს რომ მნიშვნელოვანია შემდგომი პროცედურები და საბოლოო შეფასებას ამ მიმართულებითაც გააკეთებენ.
,,პირველ რიგში, უნდა მოხდეს გამოძიება და ყველა იმ ფაქტზე რეაგირება, რომლებიც ჩვენმა დამკვირვებლებმა გამოკვეთეს და თუ ეს შედეგები ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად, შემდეგი ნაბიჯების დაგეგმვა უნდა მოხდეს კანონდებლობის მიხედვით“.