აბრეშუმის რთველი ქიზიყში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაღაროში აბრეშუმის რთველი დაიწყო.
სოფელ ქვემო მაღაროში მცხოვრები ლამარა ბეჟაშვილი knews.ge-სთან აცხადებს, რომ აბრეშუმის რთველი ორი დღეა დაიწყო და ზაფხულის პერიოდს მოიცავს.
,,ახლა ხდება აბრეშუმის გამოკრეფა, დაბინავება, ფაქტობრივად, წლის მოსავალს ვიღებთ და ვაბინავებთ. ისეთი ასაკი მყავს, რომ კიდევ სამჯერ გამოვკრეფთ. ძალიან შრომატევადი და საინტერესო საქმეა.”
ქალბატონი ლამარა მეაბრეშუმეობას უკვე წლებია მისდევს და მოსავალს სეზონზე რამდენჯერმე იღებს.
,,წლების წინ, საქართველოში ამ დარგს ბევრი ოჯახი მისდევდა. ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი რომ ბებიას ვეხმარებოდი ჭიის მოვლაში. მან მასწავლა მისი მოვლა-შენახვის წესებიც. ცუდი ამინდი რომ იყო მეტყოდა ხოლმე რომ როდესაც ქუხს და ელჭექია, ჭიებს უნდა უმღერო, ფანდური დაუკრა რომ შიშისგან სამკურნალო თვისებები არ დაკარგონო. მეც ასე ვუმღეროდი ჭიებს”.
ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმის ჭიის სამკურნალო თვისებებზე ამახვილებს ყურადღებად. მისი თქმით, საქართველოში თუთის განსაკუთრებული ჯიშები ხარობს. ნიადაგი და კლიმატი მცენარეზე დადებით გავლენას ახდენს.
ფოტო: ლამარა ბეჟაშვილი
,,კვლევებით დადგენილია რომ თუთის ფოთოლი არის ბუნებრივი ანტისეპტიკური საშუალება. აბრეშუმის ჭია თუთის ფოთლით იკვებება და ამ დროს ფოთოლზე საკუთარი სხეულის ნარჩენებს ტოვებს. წინათ მისგან კუჭ-ნაწლავის სამკურნალო წამლებს ამზადებდნენ. აბრეშუმის ცილისგან მზადდება იმუნიტეტის გამაძლიერებელი და ტვინის მკვებავი დანამატი, რომელიც საკმაოდ ძვირად ფასობს”.
ქალბატონი ლამარა აბრეშუმის ჭიის პროდუქციაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს რომ მისგან რამდენიმე პროდუქტს აწარმოებს.
,,ვამზადებთ აბრეშუმში დავარგებულ ღვინოს ვამზადებთ. მოხარშული აბრეშუმის პარკი საუკეთესოდ აშუშებს ჭრილობებს და იდეალური საშუალებაა კოსმეტოლოგიაში. აბრეშუმის ჭუპრის ზეთსაც ვამზადებ. ფრანგულ ბაზარზე ასეთი ზეთი მილიგრამობით იყიდება. ის გამოიყენება კოსმეტიკურ საშუალებებში. ზეთის დამზადება დროს მოითხოვს და არაა იოლი – მის დამწიფებას წელიწადი სჭირდება. ზეთი თმის ცვენის შეჩერებას უწყობს ხელს. მას ურევენ ზეითუნის ზეთში და დაბანამდე 10 წუთით ადრე იზელენ თმაში. ჭუპრის ზეთი გამოიყენება ჰაიმორიტის სამკურნალოდაც.
აბრეშუმში შეხვეული თუთის ფოთლის ჩაი კი, ახალი პროდუქტია. მისი სამკურნალო თვისებები თუთის ფოთოლზე დანატოვარი აბრეშუმის ჭიის ნარჩენების წყალობაა, აბრეშუმის ბადე კი ამ თვისებებს უფრო ააქტიურებს. ჩაი გამოიყენება აწესრიგებს ძილს, ამაღლებს იმუნიტეტს, შველის დაბალ არტერიულ წნევას. დიდი ხანია რაც ჩემი ოჯახის წამალი და მშველელი აბრეშუმის ჭიის პროდუქციაა”.
ლამარა ბეჟაშვილი აბრეშუმის პროდუქტების სასარგებლო თვისებების აღმოსაჩენად ცდებსაც ატარებს. ამბობს რომ გარკვეული დროის მანძილზე, ცხვრებს მხოლოდ აბრეშუმის ჭიის ნარჩენებითა და გამოხრული თუთის ფოთლებით კვებავდა.
,,სოფელში ყველაზე დიდი ცხვრები მე მყავდა. ხშირ-ხშირად ვპარსავდი, რადგან ორ მტკაველზე მეტი სიმაღლის მატყლი ეზრდებოდათ. ძალიან მოსწონდათ აბრეშუმხვევიას საკვები, მწვანე ბალახისკენ აღარ იყურებოდნენ.
პამიდვრის ძირებზეც ჩავატარე კვლევა. დავუყარე ნახევარი ჩაის კოვზი ჭიის ნარჩენები და დიდი მოსავალი ავიღე. ასეთ ცდებს სხვა კულტურებზეც ვატარებ. მინდა გავარკვიო, კიდევ რა სარგებლობის მოტანა შეუძლია აბრეშუმხვევიას პროდუქტებს”.