ახალი ამბები

ფლანგვის დეტექტორი- 2016 წელს თელავის მერიამ ბაღი ააშენა, რომელიც 2022 წელს უკვე ავარიული იყო

2016 წელს თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ ბაღი ააშენა, რომელიც 2022 წელს უკვე ავარიული იყო, უფუნქციო ბაღში 315 750 ლარი გაიფლანგა- აღნიშნულ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, 2015-2016 წლებში თელავის მერიამ სოფელ ფშაველის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ოთხი ტენდერი გამოაცხადა, საიდანაც სამში კომპანიებმა უკონკურენტოდ გაიმარჯვეს. სამშენებლო სტანდარტების დაუცველობის გამო კი მალევე, ბაღის იატაკმა რღვევა დაიწყო, კედლები დანესტიანდა და დასკდა.

,,2015-2016 წლებში თელავის მერიამ სოფელ ფშაველის ბაგა-ბაღი ააშენა, რაშიც 315,750 ლარი დაიხარჯა. სამუშაოები ოთხ ეტაპად განხორციელდა და ბაღი 2016 წელს შევიდა ექსპლუატაციაში, თუმცა 2022 წელს ის ავარიულ მდგომარეობაშია და იქ სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, ხოლო ბაღის ათობით აღსაზრდელი სხვა სოფლების ბაღებშია განაწილებული.

2015 წლის სექტემბერში პირველი ტენდერი 75,000 ლარის ოდენობით თელავის მერიამ შპს “ბილდინგს” გაუფორმა. ხელშეკრულება სამუშაოების პირველი ეტაპის განხორციელებას ეხებოდა. ამ ტენდერში კომპანიამ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. მეორე ეტაპის, 95,000 ლარის ღირებულების ტენდერი მერიამ 2016 წლის მარტში გააფორმა. აღნიშნულ ტენდერში შპს სალვუს დეველოპმენტმა გაიმარჯვა. მესამე ტენდერი, რომელსაც შენობის სამშენებლო სამუშაოები უნდა დაესრულებინა, თელავის მერიამ 2016 წლის ივნისში გამოაცხადა. ამ ტენდერში შპს ბილდინგმა კვლავ უკონკურენტოდ გაიმარჯვა. საბოლოო ჯამში, მასთან ხელშეკრულება 106,885 ლარზე გაფორმდა. აწ უკვე აშენებული ბაღის ეზოსა და გათბობის გარე ქსელის მოწყობის სამუშოებისთვის თელავის მერიამ 2017 წლის მარტში კვლავ გამოაცხადა ტენდერი, რომელშიც შპს ჯ.ს.ბ. საქართველომ უკონკურენტოდ გაიმარჯვა და მასთან 43,700 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა.

2016 წელს სოფელ ფშაველში აშენებული ბაგა-ბაღი საზეიმოდ გაიხსნა. მაშინდელი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პაატა გიორგობიანმა განაცხადა:
“ფშაველში საბავშვო ბაღს საკუთარი შენობა 20 წელზე მეტია აღარ ჰქონდა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ფშავლის მოსახლეობა დღეიდან თანამედროვედ აღჭურვილი ახალი ბაგა-ბაღით ისარგებლებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბაგა-ბაღში ბიომასისა და მზის ენერგიის გამოყენების ენერგო-სისტემა დამონტაჟდა, რაც ბაღს გათბობითა და ცხელი წყლით უზრუნველყოფს. სასიხარულოა, რომ ბაღებში ინოვაციური ტექნოლოგიების და ალტერნატიული ენერგო-სისტემების დანერგვით, თელავის მუნიციპალიტეტი მოწინავე გახდა.”

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშავლის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წელს აშენებული ბაგა-ბაღი 2022 წლიდან უფუნქციოდაა და დაკეტილია.

როგორც თელავის ბაგა ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, შენობას გაუჩნდა ბზარები, კედლები გახსნილია და სამხარაულის საექსპერტო ბიუროს რეკომენდაციით შენობაში სწავლების პროცესი 2022 წლიდან შეჩერებულია. სოფელში მცხოვრები ბავშვები რამდენიმე სხვა სოფლის ბაღში არიან გადანაწილებულნი, მათ ტრანსპორტირების ხარჯები კი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან იფარება. ექსპერტული დასკვნების გარდა, მშენებლობის დაბალ ხარისხზე ადგილობრივებიც საუბრობენ. მათი თქმით, „მაშინვე, როცა აშენებდნენ, საძირკვლის გარეშე ააშენეს”. ახლად აშენებულ ბაღში 2017 წელს ჯერ იატაკმა დაიწყო რღვევა და კედლები ნესტიანდებოდა.

,,მიუხედავად იმის რომ მუნიციპალურმა ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო, გამოძიება დღემდე არ დაწყებულა. არ დაკითხულან ის პირები რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ობიექტის შემოწმებასა და ჩაბარებაზე. გაურკვეველია, რის საფუძველზე მოხდა მიღება ჩაბარების აქტის შედგენა ბაღისთვის, რომლის ასაშენებლად, 4 ტენდერში ჯამში 3125,750 ლარი დაიხარჯა.

ყურადღებას იმსახურებს ბაღის ამშენებელი კომპანიების ისტორიაც: შპს სალვუს დეველოპმენტი ქართული ოცნების ერთ-ერთმა დამფინანსებელმა, დავით ჩიჩუამ დააფუძნა და 2016 წლისთვის მისი 50%-იანი წილის მფლობელი იყო. 2020 წელს მან მმართველ პარტიას 8,000 ლარი შესწირა. ხოლო შპს ჯ.ს.ბ. საქართველო, რომელმაც ეზოსა და გათბობის სისტემის კეთილმოწყობის სამუშაოები შეასრულა, ამ დროისთვის შავ სიაშია შეყვანილი.”,– აღნიშნულია განცხადებაში.