ახალი ამბები

ლაგოდეხში ძლიერმა ქარმა ხეები დაგლიჯა, დაზიანებულია მანქანები და ინფრასტრუქტურა- ფოტოები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა.

ქარმა რამდენიმე ადგილას, მათ შორის დაცულ ტერიტორიებზე, მრავალწლოვანი ხეები დაგლიჯა, რომელიც მანქანებს და შენობებს დაეცა. დაზიანებულია რამდენიმე მანქანა და ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციის შენობას დაეცა.

,,სტიქია იყო ძლიერი, ქარმა დაგლიჯა ხეები და მათ შორის პრობლემები შექმნა ლაგოდეხის ნაკრძალის ადმინისტრაციის ეზოშიც. ქარმა მოგლიჯა მრავალწლოვანი ხე, რომელიც ადმინისტრაციის შენობას დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი და აივანი. ამ დროისთვის ვასუფთავებთ ტერიტორიას, მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება რა ზიანი მოგვაყენა სტიქიამ”,- განუცხადა knews.ge-ს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ხელმძღვანელმა გიორგი სულამანიძემ.

სტიქიამ პრობლემები შექმნა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართანაც, სადაც რიგში მდგომ სატვირთო მანქანებს, რომლებიც მსუბუქი ავტომობილებით იყო დატვირთული, მოგლეჯილი ხეები დაეცა. მანქანები საქართველოდან აზერბაიჯანში გადაჰქონდათ.

არსებული ინფორმაციით, მოგლეჯილი ხეები დაეცა სულ მცირე სამ სატვირთოს. თითო მათგანზე 6 მსუბუქი ავტომობილი იყო განთავსებული.
სტიქიამ დროებით შეაფერხა საავტომობილო მიმოსვლაც.

უხვმა ნალექმა რამდენიმე სოფელში დატბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები. ლაგოდეხის მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ფოტობი: Vali Kereselidze