პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 15 პირია დაკავებული.
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგარეჯოს, ყვარლის და გურჯაანის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამი პირი დააკავეს. 1993 წელს დაბადებული ნ.ს.-ს საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო, 4 ხელყუმბარა და 5 ამფეთქი ფალია. 1991 წელს დაბადებული ვ.ო.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოღებულია ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი. ხოლო, 1967 წელს დაბადებული გ.ნ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ გადაჭრილი სანადირო თოფი და 5 ვაზნა ამოიღო.”