ახალი ამბები

„ჩემი ცხოვრების პროფესიული მიზანია, ამოვასუნთქო დედამიწა“ – გაიცანით ეთუნა თელავიდან

გაიცანით ეთუნდა ასანაშვლი, ახალგაზრდა, რომელიც გაგიზიარებთ საკუთარ გზას, დასახული მიზნისკენ.

„გამარჯობა, მე ვარ ეთუნა ასანაშვილი, 16 წლის, წინანდლიდან, ვსწავლობ წინანდლის საჯარო სკოლის მე-11 კლასში. სულ ახლახან მოვიპოვე სწავლის სრული დაფინანსება ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის კონკურსში, რომელიც „ბიზნესი – სამეწარმეო საფუძვლები“ მიმართულებით ტარდებოდა. ასევე, მივიღე მონაწილეობა Trans.history-ის მიერ ჩატარებულ ახალგაზრდულ პროექტში ებრაულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებით. კონკურსში ვმონაწილეობდით მოსწავლეები საქართველოდან და აზერბაიჯანიდან; გადავიღე ფილმი, სახელწოდებით, “ებრაული მემკვიდრეობის კვალდაკვალ“, და გავიმარჯვე. მონაწილეობა მივიღე USAID-ის პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშიას ფარგლებში, რომელსაც ახორციელებდა საქართველოს გაეროს ასოციაცია, ამ პროგრამის ფარგლებში გავიარე ტრენერთა გადამზადების ტრენინგი და გავხდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი.

ასევე, გასულ თვეს გავიარე გაეროს მოდელირების ტრენერთა ტრენინგი და სამი თვის განმავლობაში მექნება შესაძლებლობა მიღებული ცოდნისა და კომპეტენციებს გამოიყენებით მენტორობა გავუწიო კახეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს და მოვამზადო ისინი ადგილობრივი და ცენტრებსშორისი (ეროვნული) გაეროს მოდელირების სესიებისთვის. ბავშობიდან აქტიურად ვიღებ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსებში, რომელთაგანაც გამოვარჩევ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსს “წიგნიერს”, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში.

უშუალოდ ამ კონკურსის პროცესი მეტად საინტერესო და შემეცნებითი იყო, დამაფიქრა და გამაანალიზებინა ადამიანთა სამყაროში არსებობისა და ცხოვრების ღირსეულად განვლის მნიშვნელობაზე, არ მოველოდი გამარჯვებას, თუმცა კონკურსისათვის მომზადების დროს ფუჭად დახარჯულად არ ვთვლიდი. 2023 წელს ჩატარებული კონკურსის შედეგად მაქვს შესაძლებლობა ვისწავლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“, რომელიც მომცემს დამატებით რესურსს ჩემი სამომავლო პროფესიის უკეთ გააზრებაში და შემდგომ მის განვითარებაში“, – ამბობს ეთუნა.

მისი აზრით ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანია მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში, რომ ჯერ გაიაზროს დღევანდელი სამყაროს ცვალებადი და აჩქარებული ტემპი, პროფესიულსა თუ პიროვნულ განვითარებასთან მიმართებაში.

„ახალგაზრდა უნდა მიხვდეს თუ რაოდენ აუცილებელია ყოველდღიური განვითარება და უწყვეტი სწავლის პროცესი ცხოვრებაში, მთავარი მიზნის მისაღწევად. ამაში კი არაფორმალური განათლება გვეხმარება. პირადად არასოდეს ვიცოდი რომელ პროფესიაში ვხედავდი ჩემს თავს. მიუხედავად იმისა, რომ ამა თუ იმ სფეროს შესახებ თეორიული ცოდნა საკმაოდ ბევრი მქონდა, გადაწყვეტილების მიღება ყოველთვის მიჭირდა და, ამავდროულად, მაღელვებდა ის ფაქტი, რომ არასწორი არჩევნის შემთხვევაში აირეოდა ჩემი ცხოვრების მიზნები და ხელახლა მომიწევდა პროფესიის არჩევის პროცესის გავლა. თუმცა, ალბათ, გამიმართლა, რომ დროულად აღმოვაჩინე არაფორმალური განათლების სიკეთე. ამან არსებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოცდის, საკუთარი მიზნებისა და თავის აღმოჩენის, თვითგამოხატვისა და პიროვნული ზრდის შესაძლებლობა მომცა.

არაფორმალური განათლების აქტივობები ახალგაზრდაში ავითარებს იმ უნარებსა და აზროვნებას, რომლებიც მათ შემდგომში ცხოვრების სიძნელეების სწორად გადალახვასა და მარტივად წარმართვაში დაეხმარება. სწორედ არაფორმალურმა განათლებამ გამომიმუშავა კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება, ეს კი დღევანდელ ციფრულ სამყაროში მეხმარება დეზინფორმაციისა და მანიპულაციური ინფორმაციის თავიდან არიდებაში და მეტი სწორი და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში, რადგან „მთავარი ინფორმაციის არსებობა კი არ არის, არამედ ინფორმაციაში იმ ფაქტების დანახვა, რომელთა იგნორირებაც არ შეიძლება“, – წიგნი „კარგიდან საუკეთესომდე“.

მარტივად რომ ვთქვა, ჩემი ცხოვრების პროფესიული მიზანია “ამოვასუნთქო დედამიწა”, რომელშიც მოვიაზრებ, მავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანების მხრიდან გარემოზე, ახალი გზებით. ხოლო, პიროვნული თვალსაზრისით, მთავარ მიზანს წარმოადგენს შინაგანი ჰარმონიის პოვნა საკუთარ თავთან, რაც ეხმარება ადამიანს დაბრკოლებებისა და რთული პერიოდების გადალახვაში, ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე. ხშირად ადამიანებს ჰგონიათ, რომ მასშტაბური მიზნების მისაღწევად მასშტაბურივე მოქმედებებია საჭირო, სინამდვილეში, ყოველდღიურად სულ მცირე გაუმჯობესებას უფრო დიდ შედეგებამდე მივყევართ. ვცდილობ, ყოველდღიურად ვისწავლო რაიმე ახალი, ვიკითხო ბევრი, მივყვე ჯანსაღი ცხოვრების წესს და ვიყო დღეს იმაზე უკეთესი ვიდრე გუშინ.

ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ გარისკონ, არ შეეშინდეთ მოქმედების, გამოიყენონ ყველა ის შესაძლებლობა, რომლებიც მათ განვითარებაზეა ორიენტირებული, რადგან კომფორტის ზონაში დარჩენით უბრალოდ „კარგი“ ადამიანი რჩები, ხოლო შესაძლებლობების გამოყენებით საკუთარი თავის „საუკეთესო“ ვერსიას ქმნი“, – წერს ეთუნა ასანაშვილი.