გაიცანით ხეზე მუშაობის ოსტატი სპარტაკ მაისურაძე სოფელ ჩუმლაყიდან
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები სპარტაკი მაისურაძე ხეზე მუშაობის ოსტატია. ის ხის პატარა ნარჩენებისგან სხვადასხვა ფორმის ჭურჭელს ამზადებს. მას ეს საქმე ბავშვობიდან იზიდავდა, თუმცა რამდენიმე წელია აღნიშნული მიმართულებით საქმიანობა აქტიურად დაიწყო.
სპარტაკი Knews.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ის ქვაზე, ხეზე და ლითონზე მუშაობს, თუმცა ამ დროოისთვის მისი ძირითადი საქმიანობაა ხის პატარა ნაჭრებიდან სხვადასხვა ნივთების დამზადება.
,,დავიბადე, გავიზარდე და დღემდე ვცხოვრობ სოფელ ჩუმლაყში. უმაღლეს სასწავლებლებში ვისწალე სამშენებელო ინჟინერიის განხრით. კურსის დასრულების შემდეგ ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში და შევიძინე კიდევ ერთი პროფესია – კბილის ორთოპედი. გარკვეული პერიოდი ვმუშაობდი კიდეც სტომატოლოგიურ კლინიკაში, თუმცა ყოველთვის უფრო შემოქმედებითი საქმიანობისკენ მიმწევდა გული. სულ ვცდილობდი მაქსიმალურად ბევრ სფეროში მეცადა თავი. ყოველთვის მინდოდა რაღაც ლამაზის და ორიგინალურის შექმნა.
ამის გამო ვისწავლე მუშაობა ქვაზე, ხეზე, ლითონზე და ა.შ. მსურდა ყველა იმ იდეისთვის და ფანტაზიისთვის, რომელიც მუდამ მიტრიალებდა თავში, საკუთარი ხელით შეუფერხებლად შემძლებოდა ხორცის შესხმა. ბავშვობიდან საკმაოდ კარგად ვხატავდი, ამიტომ არ მიჭირს ესკიზების და ჩანახატების გაკეთება, რომლის მიხედვითაც ვქმნი ხოლმე ნაკეთობებს ლითონისგან, ხისგან, ბეტონისგან და ა.შ’’,- აცხადებს სპარტაკი მაისურაძე Knews.ge-სთან საუბრისას.
სპარტაკი ამბობს, რომ ბოლო პერიოდია ხეზე აქიურად მუშაობს და სხვადასხვა ფორმის დეკორატიულ და განსხვავებულ ჭურჭელს ამზადებს, რომელზეც მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
,,ბოლო დროს განსაკუთრებულად გამიტაცა ხეზე მუშაობამ. უზომოდ სასიამოვნოა ხის უბრალო ნაჭრისგან რაიმე ლამაზის და ამავდროულად გამოსადეგის შექმნა. ვამზადებ სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს, უმეტესად კი ჭურჭელს. ასეთი ჭურჭელი, გარდა იმისა, რომ ძალიან ლამაზია, პრაქტიკულიცაა, ასევე ჯანსაღია და ეკოლოგიურად სუფთა.
ნივთები მზადდება კარგად გამომშრალი ხისგან, სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით. ყველა სამუშაოს ვასრულებ ხელით. ბოლოს უკვე მზა ნაკეთობა მუშავდება საგანგებოდ, ჯანმრთელობისათვის უაღრესად სასარგებლო სელის ზეთით. ასეთი ჭურჭელი გამოსადეგია ნებისმიერი საკვები პროდუქტისთვის, ყველაზე მეტად კი შესაფერისია ხილის, თხილეულის, ჩირის, ჩურჩხელის, ტყლაპის, კენკრისთვის.
ასეთი ჭურჭელის დამზადების იდეა სპონტანურად დაიბადა. ზოგადად უამრავი იდეა და გეგმა მიტრიალებს თავში, მერე რომელიღაც წამოიწევს ხოლმე წინა პლანზე და ვიწყებ მასზე მუშაობას. აქაც ასე იყო, ძველი ჭურჭელის ნახვამ (ხის გობი, ვარცლი, საპურე), გააჩინა იდეა და მეც აღარ დავაყოვნე საქმის წამოწყება. ერთ საღამოს დავსხედით მე და ჩემი მეუღლე, რომელიც ასევე ხელოვანია. ჩვენ შევქმენით ესკიზები და მეორე დღესვე შევუდექი საქმეს. მუშაობის პროცესი ისედაც ძალიან სასიამოვნოა, ხოლო ხალხის დადებითი შეფასება და გამოხმაურება უფრო სახალისო ხდის მას.
ყველაფერს ხელით ვაკეთებ, იქნება ეს ხის გადაჭრა, გასწორება-გასუფთავება, ფორმების ამოიჭრა, დეტალების დამუშავება თუ სხვა, რაც საკმაოდ დიდ დროს და გარჯას საჭიროებს. ერთ ნაკეთობას შეიძლება რამოდენიმე საათი ან რამდენიმე დღე დასჭირდეს. გააჩნია დიზაინს, ზომას და ფორმას. ყოველთვის ორიენტირებული ვარ ხარისხზე, რასაც თავისთავად მეტი ძალისხმევა და დრო მიაქვს. მუშაობის პროცესში მოდის გამოცდილება, შესაბამისად ყოველი შემდეგი ნაკეთობა წინაზე უკეთესია’’,– აცხადებს ხელოვანი.
სპარტაკი განმარტავს, რომ ნამუშევრების რეალიზაციას სოციალური ქსელის მეშვეობით ახერხებს. ის სამომავლოდ ნამუშევრების ტურისტულ ზონებში გატანას გეგმავს.
,,რეალიზაცია ყოველთვის უფრო რთულია შემოქმედისთვის, ვიდრე რამის შექმნა. ბევრი ნამუშევარი გავაჩუქე, ბევრიც გაიყიდა. ამაში მეხმარება სოციალური ქსელი, ასევე კმაყოფილი მომხმარებლები. ამ ზაფხულს ვაპირებ ტურისტულ ზონებში გატანას ხის ჭურჭელისა და სუვენირების. როცა მყიდველი ახლოშია, პირადად ვაწვდი შენაძენს, ხოლო თუ ცოტა შორს არის, ფოსტითაა შესაძლებელი ნივთის გაგზავნა. მე ყოველთვის ვმუშაობ საავტორო დიზაინით და ვქმნი ექსკლუზიურ მოდელებს. შთაგონების წყაროდ კი შეიძლება იქცეს ყველაფერი.
ამაზე ერთად ვმუშაობთ მე და ჩემი მეუღლე. გამოფენებში ჯერჯერობით არ მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ამის სურვილი კი მაქვს, რადგან ვთვლი, რომ ასეთი ღონისძიებები ძალიან სასარგებლოა შემოქმედისათვის. გამოფენა საშუალებას იძლევა გააცნო ხალხს საკუთარი თავი, მოისმინო სხვების აზრი შენი საქმიანობის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია.
მასალად ვიყენებ საკუთარ მარაგებს, რომლებიც თავადვე დავამზადე. იმისათვის, რომ უფრო პროდუქტიული და შედეგიანი იყოს ჩემი შრომა, საჭიროა სხვადასხვა დაზგა-დანადგარები, რომლის შეძენის საშუალება ამ ეტაპზე სამწუხაროდ არ გამაჩნია. იმედი მაქვს მოვახერხებ ყველა საჭირო იარაღის ყიდვას. სამომავლოდ ვფიქრობ გავაგრძელო ჩემი საქმიანობა და გავამრავალფეროვნო. ჭურჭელთან ერთად ვაპირებ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო თუ დეკორატიული ნივთის დამზადებას. ასევე მინდა შევქმნა ავეჯი ლითონის და ხის კომბინაციით და კიდევ ბევრი სხვა რამ.’’