ახალი ამბები

55 წელი ბუნების სიყვარულში-გაიცანით უხუცესი რეინჯერი კახეთიდან

გაიცანით თუშეთის, წოვათას ხეობის რეინჯერი, საქართველოში ყველაზე უხუცესი (82 წლის) ტყის მცველი აშირა აბაშიძე.

მას აქვს მუშაობის 55 წლიანი გამოცდილება სატყეო მიმართულებით. დაიბადა სოფელ ზემო ალვანში, 1941 წლის 23 თებერვალს. სასოფლი-სამეურნეო ინსტიტუტში სწავლის პარალელურად, 1961 წელს, მუშაობა დაიწყო თუშეთის სატყეო მეურნეობაში მეტყევე-ტექნიკოსად და დღემდე ერთგულად ემსახურება ბუნებას.

,,უნდა გიყვარდეს ეს საქმე, თორემ მხოლოდ ვალდებულებისთვის, ძნელი სამუშაოა და ამ საქმეს იშვიათად ირჩევენ. ხანდახან ვერ მიგებენ მაგრამ მე მათ მაინც ვეუბნები, ტყე და ბუნება სუფთა ჰაერი და წყალია, წყალი-მოსავალია, მოსავალი კი სიცოცხლე. ერთი რთული საკითხია მათთვის ვინც დაცულ ტერიტორიებზე მუშაობს. აქ მოსულ ადამიანებს ყველაფერზე უარს ეუბნები და არავის უყვარხარ ამის გამო”,– ამბობს უხუცესი რეინჯერი.

55 წელზე მეტია აშირა აბაშიძე ტყის მცველია. იგი ამბობს, რომ ეს საქმე ბავშვობიდან იზიდავდა, რადგან მისი მამაც ტყის მცველი იყო.

,,მამაჩემიც ტყის მცველი იყო. მე რომ დავიბადე 1 კვირაში მამაც დამეღუპა ავადმყოფობით. მე მისი საქმე გავაგრძელე. მე რომ მუშაობა დავიწყე აქ, ტყის გაშენება მაშინ იყო დაწყებული. სტუდენტი ვიყავი, რომ თუშეთში გამიშვეს მეტყევე-ტექნიკოსად და დღემდე აქ ვარ.”

მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ილტოს აღკვეთილის დაარსებაში. როგორც თავად ამბობს, მეტყევეს და რეინჯერს სამუშაო საათები არ აქვს და მუდმივად ტყის სამსახურში უნდა იყოს.
,,ჩვენ სამუშაო საათები არ გვაქვს, რომ 6 საათი გახდეს და სახლში წახვიდე. უცებ ხანძარი რომ გაჩნდეს სადმე, ადგილზე უნდა იყო. რეინჯერმა ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება. მეცხვარეს და მეძროხეს სხვადასხვანაირი საძოვრები ჭირდებათ, ცხენებს კი სხვანაირი. ჩვენ ამაშიც ვაკვალიანებთ მსურველებს, რადგან ის საძოვარში როცა ფულს იხდის, უნდა შეძლოს კიდევაც გამოყენება”,- აცხადებს უხუცესი რეინჯერი.

აშირა აბაშიძე ასევე განმარტავს, რომ თუშეთის პარკისთვის ყველაზე საშიში ხანძარია, რომლის წინააღმდეგაც უნდა სპეციალური სამუშაოების განხორციელება. მისივე თქმით, ტყეს ყველა უნდა გაუფრთხილდეს იმიტომ რომ ის ქვეყნის საგანძურია.

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. საქართველოს დაცულ ტერიტორიებს, საქართველოს უნიკალურ ბუნებრივ საგანძურს, 24 ადმინისტრაციულ ერთეულში გადანაწილებული 400-მდე რეინჯერი იცავს. რეინჯერების საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთა, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი; საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებზე ზრუნვა და მათ ინფორმირება. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 912 908 ჰექტარია. საქართველოში რეინჯერის მსოფლიო დღე 2017 წლიდან აღინიშნება.