გაიცანით კოლექციონერი სოფელ ველისციხიდან, რომელსაც 600-მდე ჯიშის ვარდი აქვს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მცხოვრები ნინო ზღაპარაძე ვარდებს ამრავლებს. მან საქმიანობა 16 ჯიშის ვარდით დაიწყო და ახლა ქართული და უცხოური ჯიშის 600-მდე ვარდი აქვს, რომლის დათვალიერებაც ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია.
ნინო ამბობს, რომ ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობა 3 წლის წინ დაიწყო და მეურნეობას ნელ-ნელა აფართოებს.
პროფესიით პიანისტი და ვოკალისტი, ბავშვობიდან ოცნებობდა ლამაზი ეზო ჰქონოდა. როგორც ნინომ Knews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, მის ბაღში, გარდა სხვადასხვა ჯიშის ვარდებისა, მსოფლიოში იშვიათი ჯიშის მცენარეებიც ხარობენ.
,,5 წლის წინ მეუღლემ მომცა ფული სამკაულის შესაძენად, მე კი ვარდები ვიყიდე. ამით დავიწყე ვარდების საკოლექციო ჯიშების შეგროვება. უფრო აქტიურად ამ მიმართულებით საქმიანობა 3 წლის წინ დავიწყე. ამ დროისთვის მაქვს 600-მდე სახეობის ვარდი და ასევე, ძვირადღირებული და ლამაზი საკოლექციო მცენარეები.
საქართველოში აღნიშნული მცენარეები მე არ შემომიტანია. არიან საქართველოში შემომტანი პირები და მათგან ვყიდულობ. მცენარეები ძირითადად ევროპიდან შემოაქვთ, ასევე იაპონიიდან.
მაგალითად, მაქვს ვარდის ჯიში, რომელიც საქართველოში მხოლოდ ორს აქვს. ეს არის ჯიში ,,ლურჯი გრავიტაცია’’, რომელიც აღიარებულია ერთადერთ ცისფერ ვარდად. გარდა ამისა, 10-მდე სხვადასხვა ჯიშის ცისფერი ვარდი მაქვს. ასევე განსხვავებული ფერის არის ,,პრინცესა მიდორი“, რომელიც მწვანე ფერის ვარდია. სალათისფერ ვარდებშიც მაქვს სხვადასხვა ჯიშის ულამაზესი ვარდები. ვარდის განსაკუთრებული ჯიშები მაქვს თაფლისფერ ვარდებშიც_, მაგალითად კაპრის, ტოფის ჯიშის და სხვა. გარდა ამისა, ჩემს ბაღში ხარობს ინგლისური ჯიშის ვარდები, თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან. მაქვს ასევე ამერიკული და აზიური ჯიშებიც’’,- აცხადებს ნინო.
ნინო ამბობს, რომ ამ დროისთვის ადგილზე მოსულ ვიზიტორებს ვარდების დათვალიერება უფასოდ შეუძლიათ.
,,ვარ კოლექციონერი, სულ ვცდილობ ახალი ჯიშები შევმატო მეურნეობას, რომელიც ჩემს ეზოში მაქვს მოწყობილი. ვიღებ ძირითადად ქართველ სტუმრებს, რომელთაც ამ ყველაფრის ნახვა სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სხვადასხვა ნერგების გაყიდვიდან გვაქვს, თუმცა, სამომავლოდ სანერგე მეურნეობად ჩამოყალიბებას არ ვაპირებ’’,- აცხადებს ნინო.
იგი ასევე განმარტავს, რომ აპირებს ტურისტული მიმართულებით საქმიანობის გაფართოვებას, შესაბამისი სივრცის მოწყობას და უცხოელი ტურისტების მიღებას.
,,სამომავლოდ, ჩემი სურვილია, რომ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტები მივიღო, რომლებსაც საშუალება ექნებათ ადგილზე ნახონ ჩემი ბაღი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.’’