გველხოკერა-ხვლიკი ფეხების გარეშე
ბოხმეჭასებრთა ოჯახის წევრის, გველხოკერას ბუნებაში დანახვისას შეიძლება შეხტე და მასზე თავდასხმა მოგინდეს, თუმცა ოდნავ მაინც თუ დააკვირდები, მარტივად მიხვდები, რომ ის სულაც არ არის გველი და გველხოკერაა.
ეს არსება უვნებელია და ხვლიკების ოჯახის წევრია, უბრალოდ, ევოლუციურად ისე განვითარდნენ, რომ კიდურები აღარ აქვთ. ამასთანავე, ის არათუ საშიში, არამედ სასარგებლოცაა თქვენს ბაღში თუ ბინადრობს – სადაც გველხოკერები არიან, შხამიანი გველები ნაკლებად ბინადრობენ.
ხოლო, მეორე მხრივ, ისინი მწერებით იკვებებიან და ბოსტანში ერთი გველხოკერა ნამდვილად იხსნის თქვენს მცენარეებს მავნე მწერებისგან.
რა უნდა იცოდეთ ასევე :
გველხოკერა (ლათ. Ophisaurus apodus) — უფეხო ხვლიკი ბოხმეჭასებრთა ოჯახისა. 1,5 მ-მდე სიგრძის მორუხო-მოყვითალო სხეულზე მოწითალო ან წენგოსფერი ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე კანის ღრმა ნაოჭი გასდევს. გავრცელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. გვხვდება ყირიმში, კავკასიაში, შუა აზიაში ადის ზღვის დონიდან 2000 მ-დე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება — ველებზე, მეჩხერ ტყეებში, ბაღებში და ზოგჯერ სოფლის ეზოებშიც. იკვებება მწერებითა და მოლუსკებით, რითაც სარგებლობა მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ივნის-ივლისში დებს 8-10 კვერცხს. ივლის-აგვისტოში ახალი თაობა იჩეკება.