ეგზოტიკური ფრინველების კონტაქტური პარკი გურჯაანში
სოფელ გურჯაანში მცხოვრებმა ახალგაზრდამ, გოგა შავშიშვილმა, ეგზოტიკური ფრინველების კონტაქტური ფერმა გახსნა და მსურველებს ისეთი ჯიშის ფრინველების დათვალიერებას სთავაზობს, რომელიც საქართველოში არ არის გავრცელებული.
ახალგაზრდა ამბობს, რომ ფრინველების მიმართ სიყვარული ბავშვობიდან ჰქონდა, სწორედ ამან გადააწყვეტინა პარკის შექმნა, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ ნახონ ისეთი ჯიშის ფრინველები.
,,ფრინველები ბავშვობიდან მიყვარდა და ჩემი სიყვარული, ჰობი გავაცოცხლე პარკის შექმნით. ბავშვობიდან ვხატავდი ფერად ფრინველებს და ვაფორმებდი ფერადი ბუმბულებით.
სწორედ ჩემი ინტერესიდან გამომდინარე, შევიძინე ბევრი მეფრინველეობის კუთხით მომუშავე მეგობარი ევროპის ქვეყნებში, ასევე თურქეთში, გავაცანი მათ ჩემი იდეები, ისინი კი მიზიარებდნენ თავის ცოდნას და გამოცდილებას.
ასევე მუდმივად ვეცნობოდი ლიტერატურას ფრინველების მოვლასთან, ადაპტაციასთან, ცხოვრების წესთან დაკავშირებით და კახეთის კლიმატი აღმოჩნდა საოცარი იმისთვის, რომ ამ ფრინველებს არ გაძნელებოდათ შეგუება ადგილობრივ გარემოსთან.
ის ჯიშები და სახეობები რაც საქართველოში არ არის, გვინდა გავავრცელოთ. ოღონდ ამას არ აქვს ფერმერული ხასიათი, ეს არის საპრეზენტაციოდ, რომელიც გათვლილია ვიზიტორებზე და დამთვალიერებლებზე.
პარკის შექმნის მთავარი იდეაც იყო, რომ ეს ყველაფერი ყოფილიყო ბავშვებისთვის. რადგანაც პანდემიის დროს აკრძალვები და შეზღუდვები იყო დაწესებული, უკონტაქტოები გავხდით და სწორედ ამიტომ დავარქვი ჩემს შექმნილ სივრცეს კონტაქტური პარკი, რომ ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონოდათ კონტაქტის ფრინველებთან, ცხოველებთან და ერთმანეთთან.
ამ ადგილას, სადაც ახლა ჩვენი პარკია, ნაგავი იყო. ვიყიდე ეს ადგილი, გავასუფთავე და ასეთი პარკი გავაკეთე. ბევრი ბავშვი მოდის აქ და აინტერესებთ ყველაფერი. დაახლოებით 30 სექცია გვაქვს და მოწყობილი, ასევე პატარა ლამაზი ქოხები, სადაც ფრინველები ღამე ცხოვრობენ და დღე გარეთ ვუშვებ ხოლმე პატარა ჯიშის ქათმებს, რომ ბავშვებს კონტაქტი ჰქონდეთ მათთან. უმეტესობა კი ვოლიერებში არიან”,-განუცხადა knews.ge-ს გოგამ.
ახალგაზრდა განმარტავს, რომ პარკში ამ დროისთვის წარმოდგენილია 40 მეტი სახეობის ფრინველი, რომელთა უმეტესობასაც საქართველოში ვერ შეხვდებით.
,,პარკში წარმოდგენილია ფრინველების 40-ზე მეტი სახეობა: გვყავს წყლის ფრინველები, ქათმის სხვადასხვა ჯიშები, ხოხბები, მწყრები და სხვა. განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან ,,ხოლმოგორის“ ჯიშის ბატები, რომლებიც ყველაზე მძიმეწონიანები არიან, ასევე ჩინური ბატები, მანდარინის და კაროლინის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი იხვის სახეობები, ახალი ჯიშის კალიფორნიული მწყერი ,,ბობვაითი“, ასევე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევიან, თეთრი ფარშევანგი და ინდური ფარშევანგი, ასევე ქათმის ჯიშებიდან ,,აიამცემანი“ ეს არის მსოფლიოში ყველაზე შავი ჯიშის ქათამი, რომლის ორგანოებიც კი შავია.
განსაკუთრებულია ,,ბრეკელის“ ჯიშის ქათამი, ეგვიპტური წარმოშობის, რომელიც გერმანელმა სელექციონერებმა გამოიყვანეს. ეს ფარაონების დროინდელი ჯიშია და ცხელ კლიმატს ადვილად ეგუება.
გვყავს ასევე მარანსის ჯიშის ქათამი, რომელიც დებს წითელი შეფერილობის კვერცხს. ის სააღდგომოდ შეღებილს გავს. განსაკუთრებულია სილამაზით ,,ამერაუკანას“ ჯიშის ფრინველი, რომელიც თეთრი, ცისფერი და ფირუზისფერი შეფერილობის ნაკლებ ქოლესტერინიან კვერცხს დებს.
გარდა ამისა, ვიძიებ ადგილობრივ ქათმის ჯიშებს, მაგალითად ჩალისფერი კახური ქათმები, რომელიც გავრცელებული იყო კახეთში 50-იან წლებში. ის საზღვარგარეთიდან შემოყავდათ და ახლა უკვე არის ენდემური ჯიში, ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის მისი ისტორია”,- აცხადებს ახალგაზრდა.
როგორც გოგა განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ პარკს არ აქვს ოფიციალური სტატუსი, დამთვალიერებლებისთვის გადასახდელი თანხა განსაზღვრული არ არის. როგორც თავად ამბობს, პარკი ძირითადად ვიზიტორების მიერ დატოვილი შემოწირულობებით არსებობს.
ახალგაზრდა ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად მუშაობს იმაზე, რომ პარკს ოფიციალური სტატუსი მიეცეს.
,, მე მარტოს მიწევს ფრინველების მოვლა და ასევე ვიზიტორების მიღება. მაქსიმალური ხანგრძლივობა აქ დაყოვნების არის 2 საათი. მეტი დრო არ შეიძლება. შესაძლოა ფრინველებმა განიცადონ სტრესი. ახლა აქვთ შეწყვილების პერიოდი, ზოგიერთი ჯიში საინკუბაციოდ ემზადება, იმ შემთხვევაში თუ სულ ხალხი იქნება, შეიძლება დაფრთხნენ.
რადგანაც ჩვენ არ გვაქვს ოფიციალური სტატუსი, აქ შემოსვლის საფასური არ გვაქვს დადგენილი. ამაზე მიმდინარეობს თანამშრომლობა მერიის შესაბამის სამსახურთან. ამ ეტაპზე შემოწირულობის სახით შეუძლია გაიღოს თანხა ვიზიტორმა. ანუ დამთვალიერებლები რასაც სწირავენ ფრინველს, იმით ვიძენთ საკვებს, მათი მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს.
ფრინველებს სხვადახვა დაავადებების მიმართ აქვთ მიდრეკილება და შესაძლოა ვინმემ ფეხით უნებლიედ შემოიტანოს რამე ვირუსი. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობთ დავიცვათ უსაფრთხოება როგორც ბავშვებთან, ასევე ფრინველებთან.
ვიზიტორთა მიღებისას ძირითადი აქცენტი გვაქვს გაკეთებული სასკოლო ექსკურსიებზე, სკოლის მოსწავლეებზე, სუდენტებზე, რომლებიც მ მიმართულებით სწავლობენ და სხვა. ასევე საბავშვო ბაღის მოსწავლეებსაც შეუძლიათ აქ მოსვლა დათვალიერება, სხვადასხვა აქტივობების ჩატარება და სხვა.
აქ შემოსვლისთვის წინასწარ დარეკვაა საჭირო. მე რაც გავაკეთე და შევძელი, ჩემი ოჯახის და მეგობრების დახმარებით მოხდა, რომლებიც საზღვარგარეთ არიან. ისინი შემოწირულობის სახით მეხმარებიან. მაგალითად თანხით რომ საკვები შევუძინო ფრინველს.”
ახალგაზრდა აცხადებს, რომ პარკში შემომსვლელთა რიცხვი იზრდება და დაინტერესებაც დიდია.
,,პარკით დაინტერესება დიდია. პანდემიის პერიოდში დაიწყო საზოგადოების დაინტერესება, მაშინ როცა რამდენიმე ვოლიერი მქონდა და რამდენიმე ფრინველი მყავდა. გარდა იმისა, რომ საკარმიდამო ეზო გადავაქციე ფრინველების პარკად, ასევე გავალამაზე ეზო. ვოლიერებთან, ხისგან და კრამიტისგან გავაკეთე პატარა სახლები, სადაც ფრინველები ცხოვრობენ. ეს ყველაფერი ძალიან მოსწონთ დამთვალიერებლებს.
ძირითადად ბავშვებს მოსწონთ პატარა დეკორატიული ჯიშის ქათმები და ხოხბები, რაც შეეხება მოზარდებს, მათთვის უფრო საინტერსოა სხვა ფრინველები, მაგალითად კოლუმბიური ,,ბრამას” ჯიშის ქათმები, ასევე ლიმონისფერი ,,კოხინხინის” ჯიშის ქათმები, ,,როდ აილენდის” შინდისფერი ბუმბულის მქონე ქათმის ჯიში და სხვა.
გარდა ამისა, ეზოში მოწყობილია მოსასვენებელი სივრცე დასაჯდომად და განსატვირთად. ასევე უკვე მეოთხე წელია დარგული გვაქვს სხვადასხვა სახის მცენარეები. მაგალითად: 30- მდე ძირი ზეთისხილი, სწრაფად მზარდი პავლონიას ჯიშის ხეები, რომლითაც გავამწვანეთ პარკი.
მინდა ამ ყველაფრით ახალგაზრდებს მივცე სტიმული, რომ ადგილზე დასაქმდნენ. მე ევროპაში კი არ გავიქეცი სამუშაოდ, დავრჩი აქ და ჩემი საქმე დავიწყე. ამისთვის ძალიან დიდი შრომა დამჭირდა. ეს გავაკეთე არა ბიზნესის თვალსაზრისით, არამედ სიყვარულით, როგორც ჩემი ქვეყნის, ისე ფრინველების. მინდა მუნიციპალიტეტში ხელი შევუწყო ტურიზმის განვითარებას.”