1 ივნისიდან სათესლე და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება
1-ელი ივნისიდან თესლი და სარგავი მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნოდარ ხატიაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან” განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, ბაზარზე გასაყიდად მხოლოდ შემოწმებული მასალა დაიშვება.
“2019 წლიდან ხორბლის და ქერის სათესლე მასალა სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება. ჩვენ მეწარმეებს არ ვუკრძალავთ შემოტანას და თესვას, თუმცა თუ ბაზარზე გაიტანს გასაყიდად, ადგილობრივი იქნება, თუ უცხოელი, თესლს და სათესლე მასალას უნდა ჰქონდეს სერტიფიკატი.
მარცვლოვან კულტურებში მოიაზრება: სიმინდი, ჭვავი და ა.შ. გარდა ამისა, კარტოფილი და სამრეწველო ჭარხალი. რაც შეეხება მრავალწლიან კულტურებს – არამარტო ნერგები, არამედ მოიაზრება კვირტებიც.
სერტიფიცირება ეს არის ნებისმიერი პროდუქტის სტანდარტთან შესაბამისობაში დადგენა. უნდა იყოს ჯანსაღი და შეესაბამებოდეს გარკვეულ პარამეტრებს. ისინი უნდა დაექვემდებაროს შემოწმებას, სერტიფიცირებას და ისე დაიშვას ბაზარზე გასაყიდად. შესაბამისად, მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება, რომ თუ ბაზარზე ამ მასალით ვაჭრობენ, უნდა აიღონ სერტიფიკატი და მომხმარებელს ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტი (თესლი და სანერგე მასალა) მიაწოდონ”, – განაცხადა ნოდარ ხატიაშვილმა.