ახალი ამბებისტატიები

სამუხისა და შირაქის ველებიდან თუშეთის ალპურ ზონაში – თუშეთში ცხვრების გადარეკვა დაიწყო

ხანგრძლივი ზამთარი თუში მეცხვარეებისთვის შვიდი თვე  გრძელდება. ისინი, აპრილის ბოლოს, ზამთრის საძოვრებიდან – სამუხისა და შირაქის ველებიდან იყრებიან და ცხვარი თუშეთში, წინასწარ განსაზღვრულ ალპურ ზონაში გადაყავთ. 

ცხვრის გადარეკვის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. ,,თუშეთის დაცული ლანდშაფტის“ ხელმძღვანელი ლადო კახოიძე knews.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ თუში მეცხვარეები, ფაქტობრივად, პირველები კვეთენ ,,აბანოს უღელტეხილს“, რომელსაც ადგილობრივები ,,თუშთა გოლგოთას“ ეძახიან.

,,ინაპრებმა იცოდნენ ხოლმე, თუში რომ იბადება მეცხვარის დიპლომი უკვე ჯიბეში უდევსო. რაც თუშეთი არსებობს, თუში მეცხვარეები მომთაბარე ცხოვრებას მიჰყვებიან. თუშეთში გვაქვს 70 -მდე მეცხვარის ბინა, სადაც ამავე რაოდენობის ცხვრის ფარა უნდა გადავიდეს უღელტეხილზე. მეცხვარე როდესაც ,,აბანოს უღელტეხილზე“ შეეკიდება თავისი ცხვრით და ცხენებით, ამ დროს გზა გაჭრილია დაახლოებით 40 კილომეტრამდე, სანახევროდ, მაგრამ ,,აბანოს უღელტეხილი“ ჯერ გახსნილი არ არის. გზა ბოლომდე გაწმენდილი არ არის და არც მანქანაა გადასული, მხოლოდ მეცხვარეები ახმიანებენ თუშეთს. მიაქვთ საგზალი და, ნაბდები_ ცივი ღამეების გამოსავლელად. როცა გზა არ არის გაწმენდილი, ცხენებისათვის რთულია გაყინული გზის და მიწის გადავლა. საიდანაც ფეხით აგრძელებენ გზას და ეს ყველაფერი ზურგით გადააქვთ. ეს არის 200 კილომეტრზე მეტი გზა, ჯამში 400 კილომეტრი, შიდა საძოვრებზე გადაადგილების გარდა,  რაც ძალიან მძიმე ტვირთია. მეცხვარე როდესაც მიემგზავრება თუშეთში, არ იკვებება ღორის ხორცით რამდენიმე დღე, რადგან დაუშვებელია მისი ჭამა წმინდა მიწაზე გამგზავრების წინ“.

ფოტო: რამაზ ომაიძე

 

თუშეთში ასული მეცხვარეები რჩებიან მამა-პაპისეულ ტრადიციულ საძოვრებზე. ყველა მეცხვარეს აქვს საკუთარი ბინა და ცხვრის საძოვარი. აქ, ისინი, ხუთი თვე რჩებიან და უკან ოქტომბერში ბრუნდებიან. მეცხვარეების მთავარ პრობლემებად კვლავ რჩება გადასარეკი დერეფნები, მწყემსები და ნამატის გაყიდვის საკითხები.

,,თუში მეცხვარეები ქმნიან პროდუქციას, ეხმარებიან სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ არის დარგის ხელშეწმყობი პროგრამები, მათ მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ რომ მეცხვარეობა არ გადაშენდეს, როგორც დარგი. თუშების და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა თუშური ტრადიციული, მომთაბარე ცხოვრების გამო შეიქმნა ბიოსფერული რეზერვატი რათა მეცხვარეს და რეგიონს ხელი შეეწყოს, რომ დარგი როგორც ტრადიცია, კულტურა, როგორც თუშების ცხოვრების უნიკალური წესი,  არ გადაშენდეს. 

ფოტო: რამაზ ომაიძე

 

ადგილობრივი ახალგაზრდების დიდი ნაწილი გასულია საზღვარგარეთ. მეცხვარეებს უჭირთა მწყემსების შოვნა, ვისაც ამ პროფესიის გაეგება. მინიმალური მწყემსების რაოდენობით უწევთ ცხვრის დოლი და ყველის კეთება. გარდა ამისა, თუშეთში ინტენსიურად ვითარდება ტურიზმი და ბევრმა მეცხვარემ,  შედარებით იოლი შემოსავლის მიღების მიზნით, გაყიდა ცხვარი და გააკეთა საოჯახო სასტუმრო ან შეიძინა მთაში მავალი მანქანა ტურისტების გადასაყვანად. თუშეთი აქამდე მოიტანა თუშმა მეცხვარემ,  ბიომრავალფეროვნება რომელიც თუშეთში გვაქვს, ალპური საძოვრები, თუშურმა ცხვარმა შეინარჩუნა. გარდა თუშეთში ჩრდილო აღმოსავლეთ საზღვრისა, შირაქში-სამუხშიც თუში მეცხვარე იყო ყოველთვის მესაზღვრე. მენაპირეებსაც ეძახდნენ, რადგან ორივე ნაპირს თუში მეცხვარე ამაგრებდა. 

ფოტო: რამაზ ომაიძე

 

გარდა ამისა, გადასარეკი დერეფნების საკითხიც მოსაგვარებელია. გზა იწყება შირაქ სამუხიდან, ცხვარი გამოივლის 4 მუნიციპალიტეტს და მიდის ზაფხულის საძოვრებზე თუშეთში. რადგან დერეფანი (ნახევარზე მეტი) პრივატიზებულია,  მეცხვარეს ცხვრის ფარა მოუდის წვრილ, ვიწრო ზოლზე. ცალკე ხარჯის გაღება უწევს, რომ ვინმემ ნაკვეთში ცხვარი საბალახოდთ შეუშვასმეცხვარე დამოკიდებულია ნამატის გაყიდვაზე, რის შემდეგაც ფარავს ყველა ხარჯს, დაწყებული მწყემსების ხელფასიდან. საჭიროა, დაბალპროცენტიანი კრეტიდიტი გასცეს სახელმწიფომ მეცხვარეებისათვის, თითქმის ყველას აქვს ბანკის ვალი. ბევრი ქვეყანა აძლევს დარგს დოტაციას, რომ მეცხვარეობა არ გაქრეს. თუშური ცხვარი და ცხენი არის თუშეთის ენდემი, რომელიც მსოფლიოში არ არსებობს. ამას დაცვა სჭირდება“.

ქართული ნაგაზი, ცხვრის ფარის განუყოფელი მეგობარია, რომელიც მას მგლებისგან იცავს. 

 

იხილეთ ვიდეო თუშეთიდან

ფოტო და ვიდეოს ავტორი: რამაზ ომაიძე